შენ თუ კომპრომისს აკეთებ, სხვასაც შეიძლება ეს მოსთხოვო და სუფთა ფურცელი შემოიტანო, მაგრამ ასე როგორ: დავაშავე ყველაფერი და ახლა სუფთა ფურცელი? -ამ საქმიდან არაფერი გამოვა, თუ აშშ და ახალი ადმინისტრაცია არ დაინახავს, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატიული პროცესი და ურთიერთობები, რომელიც აშშ-თან ყოველთვის გვქონდა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროში დაინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას ითვალისწინებს, მეორე მხრივ კი მმართველი პარტიის წევრების განცხადებას, რომ აშშ-სთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყონ.
ამასთან, წერეთლის შეფასებით, ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, მცდელობაა რაღაცნაირად დაანახონ აშშ-ს, რომ მის მხარეს არიან.
„სუფთა ფურცელი რას ნიშნავს? ესეც რუსული ნარატივის მსგავსია: მოდი ყველაფერს დავაშავებთ, წაგართმევთ ტერიტორიებს, შემოვიჭრებით და შემდეგ მოდი, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ასე არ ხდება. სუფთა ფურცლიდან დაწყებას კომპრომისი სჭირდება. შენ თუ კომპრომისს აკეთებ, სხვასაც შეიძლება მოსთხოვო და შეიძლება სუფთა ფურცელი შემოიტანო, მაგრამ ასე როგორ? – დავაშავე ყველაფერი და ახლა სუფთა ფურცელი?
რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, ეს არის, ალბათ, მცდელობა, დაანახონ რომ ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერები არიან. ეს რეზოლუცია პრაქტიკულად არაკრიტიკულია, საკმაოდ ზოგადია. საუბარია მოლაპარაკებებზე; იმაზე, რომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და ა.შ. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ნათელია, რომ ეს არის მცდელობა რაღაცნაირად დაანახონ ამ რთულ და მძიმე ვითარებაში, რომ აშშ-ის მხარეს არიან. ჩემი აზრით, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, თუ აშშ და ახალი ადმინისტრაცია არ დაინახავს იმას, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატიული პროცესი და ურთიერთობები, რომელიც აშშ-თან ყოველთვის გვქონდა; რომ არის პრინციპები და ღირებულებები, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, სამართლიან სასამართლოს და არ იმ რეპრესიულ ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს. ამას ამერიკის არცერთი ხელისუფლება არ მოაწერს, რაც არ უნდა დიდი იყოს სხვა ინტერესები, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური. საქართველოსთან მიმართებით ძალიან კარგი შანსი არსებობს ნორმალური ხელისუფლების პირობებში, რომ რესურსები, რაც გვაქვს, გამოყენებული იქნას ამ ქვეყნისთვის დადებითად“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება იმას, რომ უკრიანაში ომის დაწყებიდან 3 წლისთავს და დონალ ტრამპის გეგმას, რომ ომი დაასრულოს, წერეთელმა განაცხადა, რომ ეს პროცესი უკრაინის ჩართულობით უნდა წარიმართოს.
„ომის დასრულება დიდი ხანია დღის წესრიგშია, მაგრამ მეორე მხრივ, დასრულება იმგვარად, რომ რუსეთს გამარჯვებულის იმიჯი ჰქონდეს, წარმოუდგენელია უკრაინის შემთხვევაში, ასევე უკრაინის მხარდამჭერი მსოფლიოს დიდი ნაწილის შემთხვევაში. განსაკუთრებით ესენი არიან ევროპის სახელმწიფოები. აშშ-ც წინა ადმინისტრაციის პირობებშიც უჭერდა მხარს. რა თქმა უნდა, საკამათოა, რომ გაცილებით მეტი და უფრო სწრაფი მოქმედებები იყო საჭირო არა მხოლოდ ამერიკელების მხრიდან, არამედ ევროპელების მხრიდანაც. დღეს ეს პრეტენზიები და ამაზე საუბარი მეტია, შეიძლება მომავალშიც მეტი იყოს, მაგრამ მსოფლიოს არ სჭირდება ხანგრძლივი ლაპარაკი ამაზე. ფრიდრიხ მერცმა თქვა სწორად, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვერავინ დაგველოდება, სანამ დიდი ხანი გვექნება კოალიციაზე მსჯელობა.
ტრამპის მოსვლით და მისი ადმინისტრაციის ამოქმედებით გაჩნდა გარკვეული იმედები, პერსპექტივა. ტრამპი არაა ორდინალური პრეზიდენტი, შეიძლება გარკვეული განცხადება გააკეთოს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვიოს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც იმედი ისაა, რომ მის ირგვლივ არსებული ადამიანები, ინსტიტუტები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. რამდენად სწრაფად მოხდება კუპირება, არ ვიცი. ხვალ კიდევ არის შეხვედრა ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების და როგორც ვიცით, სურვილი ძალიან დიდია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ტრამპს უნდა, თავისი სიტყვა შეასრულოს, რადგან თქვა, ძალიან მალე დავასრულებ ამ ომს და ეს იყო მისი საარჩევნო კამპანიის დროსაც ერთ-ერთი გზავნილი. მაგრამ, ასევე დავინახეთ წინა კვირას არასასურველი და არასასიამოვნო გაუგებრობა, რომელიც არსებობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. მკაფიო იყო ერთი და მეორე მხრიდანაც გარკვეული პრეტენზიები, თუმცა კარგია, რომ ამ პრეტენზიების ნაწილი, როგორც გაცხადდა, მოხსნილია დღის წესრიგიდან. შედარებით უფრო კონსტრუქციულად ხდება ამ ურთიერთობების დალაგება. პროგნოზებს ვერავინ გააკეთებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამერიკას და რუსეთს შეუძლიათ მოილაპარაკონ და მაგალითად, რუსეთმა საომარი მოქმედებები შეწყვიტოს, ანუ თვითონ გამოაცხადოს ეს. ზელენსკი ამ მიმართულებით ძალიანაა მონდომებული. ეს ბუნებრივია, რადგან სამი წელია ეს ხდება და რაც არ უნდა დახმარება იყოს… ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არ იყო იმდენად ეფექტური, რომ კიდევ უფრო მალე დამდგარიყო რუსეთისთვის ამოცანა, შეეწყვიტა ეს ყველაფერი. უკრაინას ასევე, კურსკში აქვს გარკვეული ტერიტორია და ესეც შეიძელ იყოს ამ დალაგების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, იმის თქმა მინდა, რომ პროცესი მიდის და აქ უკრაინის როლი, ფაქტორი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. ასევე, შიდა საკითხებიც მნიშვნელოვანია. ზელენსკისთვის ძალიან მძიმე იქნება იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რაც კიდევ ერთხელ შექმნის ვითარებას, როდესაც უკრაინამ უნდა დათმოს და კაპიტულაციასთან მიახლოებული პროცესი იყოს. ამას ის არ გააკეთებს. დანარჩენი არის ტექნიკური, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხები – პირობები, მინერალები და ლითონები, თუ ამის ეკონომიკური ნაწილი… “,- გაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა, გიგი წერეთელმა ისაუბრა გერმანიაში გამართულ არჩევნებზე, სადაც ოფიციალური წინასწარი შედეგებით, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს. კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოლაფ შოლცის დამარცხება და მერცის გამარჯვება უხარია, წერეთელი ამბობს, რომ საზეიმო არაფერია, რადგან „მერცის ხელისუფლება კიდევ უფრო ხისტი და რთული იქნება“.
„ამ ქვეყანაში თუ ზეიმის და სიხარულის საფუძველი იქნება რამე, ყველას გაგვახარებს, მაგრამ შოლცი რომ მარცხდება, „ქართული ოცნების“ გამარჯვება და წარმატება რაშია? ყველა ლიდერი იქნება კრიტიკული „ქართული ოცნების“ მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ფრიდრიხ მერცი გახდეს კანცლერი. მერცი, ჩემი აზრით, იქნება ძალიან კარგი ლიდერი გერმანიის, გერმანიის გაძლიერების, ევროპის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ვაფასებ მის პოზიციებს იქნება ეს უკრაინასთან თუ ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ის ძალიან რაციონალური, გამოცდილი პოლიტიკოსია და დარწმუნებული ვარ, მოახერხებს, რომ აშშ-სთან ჰქონდეს ნორმალური, პარტნიორული და კარგი ურთიერთობები. ზოგადად, „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ლიდერობა გერმანიაში ვფიქრობ, იქნება ძალიან სერიოზული სტიმული, რათა ევროპა კიდევ უფრო გაძლიერდეს. საქართველოსთვის იქნება ეს [კარგი, ოღონდ არა ხელისუფლების საზეიმოდ. შოლცის წასვლაში რა არის მათთვის საზეიმო? კიდევ უფრო ხისტი და რთული იქნება მერცის ხელისუფლება“,- განაცხადა წერეთელმა.
