ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს:
ყველას სახეში ააფარეთ ეს ციფრები.
1. რუსეთმა უკრაინაში გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.6% აიღო, რაც მინიმუმ 350 000 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა 

2. რუსეთი დღეს უკრაინაში იმაზე გაცილებით ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე ომის დაწყებიდან 3 თვის თავზე.
2022 წლის მარტში რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 27%-ს აკონტროლებდა, დღეს ეს რიცხვი 17.5%-მდეა შემცირებული. 2022 წლის სექტემბერში ხერსონში და ნოემბერში სუმისა და ხარკოვის ოლქში წარმოებული კონტრშეტევისას უკრაინელებმა რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაახლოებით 9-9.5% დაიბრუნეს 

3. ომის დაწყების დღიდან, რუსული დანაკარგები ტექნიკაში:
ტანკი: 10 000+ 

ჯავშატრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები: 22 000 + 

საარტილერიო სისტემები: 29 000 + 

ზალპური ცეცხლის გამშვები სისტემა: 1400+ 

სამხედრო თვითმფრინავი (გამანადგურებელი, ბომბდამშენი, მოიერიშე, მულტიფუნქციური): 400+ 

სამხედრო ვერტმფრენი: 300+ 

უპილოტო საფრენი აპარატი: 40 000+ 

გემი: 28 

წყალქვეშა ნავი: 1 

4. რუსეთი ეფექტურად საკუთარ ტერიტორიასაც ვერ იცავს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე (კურსკის ოლქი), შეტევა ორჯერ განახორციელა, მათ შორის მეორედ მთელი 7 თვით. წარმოიდგინეთ 7 თვის განმავლობაში რუსებმა საკუთარი ტერიტორიიდან ვერ გაყარეს უკრაინელები 

5. უკრაინელებმა 1.5 წლის განმავლობაში დაგეგმეს და ქირურგიული სიზუსტით განახორციელეს დარტყმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ავიაბაზებზე (ყველაზე შორი ბაზა უკრაინიდან 5500 კმ-ში იყო). უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ავიაპარკის 30%-ზე მეტი. გარდა ამისა, ომის დასაწყისიდან მოყოლებული უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 37% 

6. უკრაინელთა ცნობებით, ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსების დანაკარგი 1 000 000 ჯარისკაცს გასცდა. ყველაზე მოკრძალებული და სანდო მონაცემებითაც (დასავლური დაზვერვა) კი რუსების დანაკარგი ომში 750 000 ადამიანია 

7. უკრაინელები ყოველდღიურად ბომბავენ რუსეთის ტერიტორიას საკუთარი FPV დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების საშუალებით. ხან მოსკოვის აეროპორტებია ცეცხლში გახვეული, ხან ბელგოროდში, კურსკში, ტულასა თუ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი და მძიმე მრეწველობის მწარმოებელი ქარხნები. ქვეყანას, რომელიც ომს იგებს, როგორც მინიმუმ საკუთარი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დაცვის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს 

8. უკრაინელებში მაღალია საბრძოლო მოტივაცია, რუსეთი ვერაფრით აჩერებს უკრაინელთა სამხედრო გაწვევას. უკრაინაც ომის რელსებზე გადავიდა. მშპ-ის 26% თავდაცვაზე იხარჯება, სამხედრო მრეწველობა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინა უკვე თვითონ აწარმოებს უპილოტო საფრენს აპარატებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და საკუთარ ფრთოსან რაკეტებსაც კი. უკრაინა გეგმავს საკუთარი შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაორმაგებას (880 000-დან 1.5 მილიონამდე) 

9. სამხედრო დანაკარგების გარდა, მძიმე დღეშია რუსული ეკონომიკაც. ინფლაცია 9%-ია, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაზარდა, რაც ძალიან მაღალი რიცხვია. სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2022 წლის წლის თებერვალთან შედარებით რუსეთში საკვების ფასი 35-40%-ით, საწვავი 20-30%-ით, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 40-50%-ით, წამლის ფასი 30-40%-ითაა გაზრდილი 

10. რუსული ეკონომიკა მთლიანად სამხედრო რელსებზეა გადასული. 2025 წელს რუსეთი საბიუჯეტო ხარჯების 40%-ს თავდაცვაზე ხარჯავს. სამხედრო ხარჯების გაზრდა სოციალური ვალდებულებების შემცირების ხარჯზე ხდება. ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსაც კი გაუჭირდება ფუნქციონირება ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯების 40% ომზე რომ მიდიოდეს 

11. რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულება ომის დაწყებიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად შემცირდა. 2022 წლის დასაწყისში რუსეთის წილი ევროპის გაზის იმპორტში 40%-ს, ნავთობში 25%-ს, ხოლო ქვანახშირში 45%-ს შეადგენდა.
დღეს ევროპაში რუსული გაზის იმპორტი 10, ნავთობის იმპორტი კი 5%-მდე შემცირდა. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი ევროპამ საერთოდ აკრძალა 

12. ევროპაში სამხედრო გამოღვიძების პროცესი დაიწყო. კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირის ქვეყნებმა “ევროპის გადაიარაღების” პროგრამა დაიწყეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯები 900 მილიარდი ევროთი, სამხედრო წარმოების მასშტაბები კი 4-5 ჯერ გაიზრდება. ამას ემატება ისიც, რომ სავარაუდოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები 25 ივნისს ჰააგაში გასამართ ნატოს სამიტზე თავდაცვაში ყოველწლიურად მინიმუმ 3.5%-ის დახარჯვაზე შეთანხმდებიან 

13. რუსეთი ისევ საერთაშორისო იზოლაციაშია, დასავლური დახმარება კი ისევ გრძელდება უამრავი სპეკულაციის მიუხედავად. ამის მაგალითია რამშტაინის უკრაინის დახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა 4 ივნისს, რომელზეც დამტკიცდა უკრაინის დახმარების შემდეგი პაკეტი 2025 წლისთვის:
ბრიტანეთი: 4.5 მილიარდი ფუნტი 

გერმანია: 5 მილიარდი ევრო 

ნორვეგია: 7.5 მილიარდი ევრო 

ბელგია: 1 მილიარდი ევრო 

შვედეთი: 440 მილიონი ევრო 

ნიდერლანდები: 400 მილიონი ევრო 

კანადა: 45 მილიონი ევრო 

ჯამში: თითქმის 20 მილიარდი ევრო 
