გიგა შუშანია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს მილიონ ნახევარი ლარით, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – „გეიარ-გამეიარე“. ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა, რომელიც კარგად აჩვენებს ივანიშვილის და მისი პარტიის დამოკიდებულებას ქუთაისელებისადმი, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისს ჰყავს მერი, რომელიც არც ქუთაისელებს იცნობს და არც კულტურა იცის.
“ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც ქუთაისის მერია მილიონ ნახევარი ლარით აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარი გამოყვეს ბიუჯეტიდან და ტურისტებისათვის შექმნეს აპლიკაცია, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები დაარქვეს „გეიარ-გამეიარე“. ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა, ეს კარგად აჩვენებს ივანიშვილის და მისი პარტიის დამოკიდებულებას ქუთაისელებისადმი. პარლამენტი წაართვეს ქუთაისს, ხალხი გარბის ქუთაისიდან, მეოთხე ადგილზე ვარ უკვე მოსახლეობის რაოდენობით.
ქუთაისს ჰყავს მერი, რომელიც არც ქუთაისელებს იცნობს, არც კულტურა იცის, არ იცნობს ქუთაისელთა განწყობებს და ასეთი სამარცხვინო, არაადეკვატური გადაწყვეტილებებით არის დაკავებული. ნამდვილად თვითონ არის „გეიარ-გამეიარე“, ხან ერთ რესტორანში გეივლის, ხან მეორე რესტორანში და ამით არის დაკავებული და არა იმისათვის, რომ ქუთაისელებს მოუგვაროს გადათხრილი ქუჩების პრობლემა, ასწლოვანი ხეების მოჭრის პრობლემა, არაფერი მას არ ეხება, გარდა ბიუჯეტის ფულის ხარჯვისა და ჭამისა,- განაცხადა გიგა შუშანიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ