როდესაც „ოცნებამ“ 20 ივნისის საქმის ამნისტია გამოაცხადა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამის წინააღმდეგი, ვინაიდან გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ყოველთვის თვლიდა, რომ ამ საქმეზე უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „აუცილებლად დადგინდება, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას გვერდის ავლით და ვინ დააორგანიზა და რა მიზნით ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში“.
„2021 წელს, როდესაც „ოცნებამ“ 20 ივნისის საქმის ამნისტია გამოაცხადა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამის წინააღმდეგი – ვინაიდან გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ყოველთვის თვლიდა, რომ ამ საქმეზე უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება.
ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ არა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ პასუხისმგებლობისგან გაძვრება ან დაიმალება, ძალიან ცდება. აუცილებლად დადგინდება: 1. ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გახარიას გვერდის ავლით; 2. ვინ დააორგანიზა და რა მიზნით ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში“, – წერს გიგა ფარულავა.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით აქვს წაყენებული. მას ბრალდების მხარე ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება.
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.




