ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ მიგრაციაზე, როგორც გლობალურ პროცესზე, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობაზე, მართოს ეს პროცესი ეფექტიანად და კანონიერად, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, გლობალურ პროცესებთან ერთად, მიგრაციის ზრდას განაპირობებს სახელმწიფო უწყებების არაეფექტური ფუნქციონირება.
„ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის საკითხი რომ პრობლემაა, დიდი ხანია ვიცით. თქვენ რაც არ უნდა ციფრებზე ისაუბროთ და ეცადოთ ამ პრობლემის გაქარწყლებას, ამ პრობლემას ჩვენი მოქალაქეები თვალნათლივ ხედავენ და გრძნობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ მიგრაციაზე, როგორც გლობალურ პროცესზე, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობაზე მართოს ეს პროცესი ეფექტურად და კანონიერად. სწორედ საზოგადოებაში არსებულმა მძიმე აღქმებმა და რეალურმა პრობლემამ გადაგაწყვეტინათ თქვენ თავად გესაუბრათ ამ საკითხზე და შეგეფასებინათ ის, როგორც თავსმოხვეული პრობლემა, რითაც ცდილობთ აირიდოთ პასუხისმგებლობა.
გლობალურ პროცესებთან ერთად, მიგრაციის ზრდას განაპირობებს სახელმწიფო უწყებების არაეფექტური ფუნქციონირება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო საზღვრის კვეთა არასაკმარისად კონტროლდება, ქვეყანაში მიგრანტების ყოფნის ვადები უმართავია, ხოლო შრომით ბაზარზე არალეგალური დასაქმება დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, ფაქტია კანონის აღსრულების სისტემა არაეფექტურია. დღეს გვეუბნებით, რომ ქვეყანაში მიგრაცია უნდა მოაწესრიგოთ და გააძლიეროთ შესაბამისი უწყებები. დღემდე სად იყავით? ჩვენ გვახსოვს თქვენი, “ოცნების” გუნდის მიერ 1 თვეში დაწერილი ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა, თქვენი წინამორბედის ხელმძღვანელობით. რატომ ვერ ჩამოყალიბდა ამდენი წლის განმავლობაში ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკა? რატომ არ არსებობს ეფექტური მონიტორინგის სისტემა ქვეყანაში მყოფ უცხოელებზე? პრობლემა არ არის მხოლოდ მიგრანტებში, პრობლემა არის ინსტიტუციურ უნარებში, უზრუნველყოს კანონის აღსრულება ეფექტურად და დაცული იყოს ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ პრეტენზია გაქვთ ეროვნული ღირებულებების დაცვაზე.
როდესაც ეროვნულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ ქართულ მიწას, რომელიც თქვენ, როგორც თავად განაცხადეთ, საინვესტიციოდ გადაეცით არაბულ კომპანიას. დღემდე, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების დიდი ინტერესისა, ბუნდოვანი რჩება მნიშვნელოვანი დეტალები ამ საინვესტიციო პაკეტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დღეს თქვენ საუბრობთ მიგრაციის საკითხზე მსუბუქ კონტექსტში და არაბიზაცია და ზოგადად მიგრაციას წარმოაჩენთ შემოგდებულ თემად, არის სწორედ საზოგადოების აღშფოთება და ნეგატიური დამოკიდებულება ამ ბუნდოვან არაბულ ინვესტიციებზე. გახადეთ გამჭვირვალე საინვესტიციო პაკეტი. ჩვენ არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგები. ინვესტიციები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ გახადეთ გამჭვირვალე, რატომ და როგორ მოხდა აღნიშნული კომპანიის შერჩევა? ნაცვლად ამისა, მთელი გუნდით დაკავებული ხართ დეველოპერული პროექტის მარკეტინგით და პიარით.
მიგრაციაზე საუბრის პარალელურად, არ შეიძლება არ შევეხოთ გაცილებით მწვავე ემიგრაციის საკითხს. ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია ემიგრანტთა რაოდენობა – ქართველები სიდუხჭირის, უმუშევრობისა და უიმედობის გამო ტოვებენ საკუთარ სახლს, ოჯახს და სამშობლოს. ისინი არ მიდიან არჩევანით – ისინი მიდიან იძულებით. 2021 წლის შემდეგ ქვეყანა 160,000-მა ადამიანმა დატოვა. ახალგაზრდები გარბიან უკეთესი მომავლის საძიებლად, შობადობა ნაკლებია, ეს არის დემოგრაფიული კატასტროფა. იცით რატომ ხდება ეს კატასტროფა? ქვეყანაში გვყავს 180 ათასი ადამიანი, რომელიც 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს. ქვეყანაში რეგისტრირებულია 708 ათასი ადამიანი, რომელიც სიღატაკის ზღვარს მიღმაა. საგანგაშოა, რომ აქედან 190 ათასი არის 18 წლამდე მოზარდი. ამ ყველაფრის ფონზე ადგილებს, რომლებიც ქართველებმა დატოვეს, იკავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ემიგრაცია და მიგრაცია ერთობლიობაში დღეს ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას, რომელიც თუ ასე გაგრძელდა დადებითად ნამდვილად არ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. მეტიც, ემიგრაციის მიღმა ქვეყანაში დარჩენილი ახალგაზრდა თაობა ნარკომანიის ჭაობში იხრჩობა. ქვეყანაში თავისუფლად შემოდის ნარკოტიკი და მათი ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში საგანგაშოდ გაზრდილია. ამ ფონზე გაზრდილი ეკონომიკით ტრაბახობთ, რომელიც მხოლოდ ჩინოვნიკების ჯიბეებზე აისახება.
ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს არის დემოგრაფიული, სოციალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც შეუქმნის ღირსეულ პირობებს საკუთარ მოქალაქეს და ეფექტურად აღასრულებს კანონს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“,- განაცხადა ფარულავამ.




