ხელისუფლება ცდილობს, მოგვწყვიტოს დასავლურ ცივილიზაციას და მარტო დაგვტოვოს რუსული, საბჭოთა ბოროტი იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთის წინაშე, ეს ყველაზე უფრო დიდი საფრთხეა ჩვენი დამოუკიდებლობის, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმი“ საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
„ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე ყველა ადამიანისთვის, მისი პირადი თავისუფლებისთვის. ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არის აუცილებელი პირობა,ამაზე დიდი რამ არ არსებობს. ას წელზე მეტი ხნის წინ, 1918 წელს, მაშინდელმა ჩვენმა პირველმა რესპუბლიკამ შეძლო აღგვედგინა ჩვენი თავი, როგორც ერ-სახელმწიფოს. მაშინ საბჭოთა სტალინისტურ-ლენინისტურმა რუსეთმა სისხლში ჩაახშო ჩვენი პირველი რესპუბლიკა და დღესაც იგივე მტერი ემუქრება ჩვენს [დამოუკიდებლობას] ოღონდ დღეს გარე მტერს დაემატა ჩვენივე მთავრობა, რომელიც მის საქმეს აკეთებს. ეს არის განსაკუთრებული გამოწვევა. სწორედ ეს რეჟიმი უქმნის საფრთხეს ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. უნდა, რომ შეგვაგუოს იმას, რომ ვასალობაა ჩვენი ბედი. სიმბოლურია,რომ დღევანდელ დღეს აორგანიზებს საზოგადოება და არა მთავრობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
