გიგა ბოკერია: ღარიბაშვილი მათივე პროპაგანდით საუკეთესო პრემიერი იყო და რომ ჰკითხეს, რატომ მიდიხარო, სხვისი ჯერია ახლაო, საბავშვო ბაღია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყოველგვარი შეხედულებისა და ფასეულობისგან დაცლილი გუნდი, რომელსაც ჰყავს ბელადი და დონორო და ისინი წყვეტენ ყველაფერს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ იმავე მიდგომები აქვს, რაც „ქართულ ოცნებას“ და ამით მას ვერ დაამარცხებს.
“„ქართული ოცნების“ შესაცვლელად მხოლოდ ხალხის მათ წინააღმდეგ განწყობა არაა საკმარისი. საჭიროა, რომ მის ალტერნატივაში არ გაიმარჯვოს იმავე მოდელის მქონდე მიდგომამ, რომ არის ვიღაც ბელადი.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყოველგვარი შეხედულებისა და ფასეულობისგან დაცლილი გუნდი, რომელსაც ჰყავს ბელადი და დონორო და ისინი წყვეტენ ყველაფერს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება დაპირისპირება იყოს, ბრენდის და სახელის ექსპლუატაციაზე და ამისთვის ყველა ყველაფერზეა წამსვლელი. მაგ მიდგომით ამ რეჟიმს ვერ დაამარცხებ.
ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც უბრალოდ ანარქისტული პოლიტიკური ძალაა. თურმე ანარქიაა წესრიგის დედა, „გირჩი“ განსაკუთრებით. სჯერათ თავისუფლების სახელით თავისუფლების დისკრედიტაციის.
მეორე პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ერთი-ერთში „ქართული ოცნების“ 2012 წლის დაპირებებს იმეორებს: „ყველაფერს გაგიკეთებთ, ახალგაზრდებს ფულს გადავუხდით, პენსია უზარმაზარი იქნება“. მერე რომ მიადგებიან კალკულაციაზე, სასაცილო მდგომარეობაში ვარდებიან. ივანიშვილი ამ სიცრუეში შედარებით დამაჯერებელი იყო, მილიარდერი იყო, ჰქონდა ჭორვილა, ყველაფერს იხდიდა, მინი კომუნიზმი ჰქონდა “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ გადაცემაში პრემიერ-მინისტრის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში „ქართული ოცნება“ არაფერს შეცვლის, რადგან დღევანდელ ხელისუფლებაში ცვლილებები შეხედულებების მიხედვით არ ხდება.
„ახალი პრემიერი მორიგი თოჯინაა. რა თქმა უნდა, იგივე კურსი გაგრძელდება. აქ ხომ მთელი სისტემა იმაზე არ არის აგებული, რომ ესენი რაღაც პოლიტიკური ფიგურები არიან. რატომ ცვლიან ხოლმე ბავშვები თოჯინებს, თოჯინა რომ მობეზრდებათ და გადააგდებენ? – მაგრამ ბავშვები საყვარლები არიან, ის კაცი ამ ეპითეტს არ იმსახურებს. ისე ექცევა თავის თანაგუნდელებს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს. დამამცირებელი აბსურდი მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან. მათივე პროპაგანდით საუკეთესო პრემიერი იყო და რომ ჰკითხეს, რატომ მიდიხარო, სხვისი ჯერია ახლაო. საბავშვო ბაღია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.