გიგა ბოკერია – მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება, ან არ შეიძლება დაჯგუფდეს – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? – მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება

მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება, ან არ შეიძლება დაჯგუფდეს – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დაჯგუფების თაობაზე სპეკულაცია საზიანოა.
„საზიანოდ მიმაჩნია ის, რაც უკვე რამდენიმე წელია ხდება – მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება ან არ შეიძლება დაჯგუფდეს, ნაცვლად იმისა, რომ ცვლილებების შინაარსზე იყოს საუბარი. არ მიყვარს ამაზე სპეკულაცია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? ჩვენი ამოცანა ამ მხარდაჭერის მოპოვებაა მოქალაქეებისგან, რომლის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება. მხარდაჭერა იზრდება არა დაჯგუფებით, არამედ იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდით, ვისაც შენი ნდობა აქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის ამოცანა უნდა იყოს, რომ მოტივირებული მოქალაქეები შემოიკრიბონ, რათა პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობა აღდგეს.
„ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ თავიანთ გარშემო შემოიკრიბოს მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან მზად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის და იმისთვის, რომ აღადგინონ ნდობა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც დაკარგულია ოლიგარქიული მმართველობის გამო – არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციაში არსებული პრობლემების გამო. „ევროპული საქართველოს” ამოცანაც ესაა – ნდობით აღვსილი მოტივირებული მოქალაქეების რაოდენობის გაზრდა, რომელსაც ექნება მსგავსი პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს იმ ცვლილებების შინაარსზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და არა უბრალოდ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობაზე, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილება მოხდეს”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.