ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს და იცის, რომ მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი ივანიშვილი დგას, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.
გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების გარდა სხვა გზა არ გააჩნია.
„ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ხოლმე. ვინც არ იყო აქამდე დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ ისმენს იმ კაცისგან, რომელსაც პრემიერ – მინისტრი ჰქვია და როცა იცის, მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი დგას ივანიშვილის სახით, ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა.