“ლელოს” საქციელი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმიტომ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმის” ნაწილია. ამ პლატფორმაში იყო მსჯელობა და იმ ფორმულირებაზე, რომელიც შემდგომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წაიკითხა, მოხდა შეთანხმება… რა საჭირო იყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება?, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ბოკერიას თქმით, თუ “ლელო” წინააღმდეგობის პლატფორმის” კომპრომისულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, შიდა დისკუსიის დროს უნდა ეთქვა.
“ამ ვითარებაში, როცა ასეთი ხანგრძლივი პროტესტი გვაქვს მთელი საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისაც, როცა მკაფიოა მოთხოვნა მთავრობის გადადგომის და იმ ტიპის არჩევნების დანიშვნის, სადაც ძალაუფლების ბედი წყდება პირდაპირ, ამ ვითარებაში თვეებით ადრე გაფორმება, რომ ამან ჩაიარა და ახლა თვითმმართველობის არჩევნებში ვმონაწილეობთ, არის ის, რაც რეჟიმის ნორმალიზაციას და გაფორმებას უწყობს ხელს.
ჩვენი პოზიციაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა და თან, ისეთი არჩევნებია, სადაც ძალაუფლების ბედი არ წყდება. “ლელოს” საქციელი განსაკუთრებით აღმაშფოთებელი არის იმიტომ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმის” ნაწილი არის. ამ პლატფორმაში იყო მსჯელობა და იმ ფორმულირებაზე, რომელიც შემდგომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წაიკითხა, მოხდა შეთანხმება. იმ ფორმულირებაში იყო შეთანხმება, რომ თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ მაშინ არის სასურველი, თუ ის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება – ეს იყო კომპრომისული ვერსია და თუ ამის წინააღმდეგები იყვნენ, იქვე უნდა ეთქვათ ეს. ყველაზე ცუდი ამ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაც შეიძლება მოხდეს, არის სიტყვის არდაფასება, რაც გააკეთა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით – თქვა, რომ არ ითანამშრომლებდა და მერე დაარღვია. ახლა “ლელომ” გააკეთა იგივე.
ამ პროტესტში პოლიტიკური პარტიების როლი ისედაც შეზღუდულია იმის გამო, როგორ მდგომარეობაშიც არის ოპოზიციური სპექტრი ნდობის თვალსაზრისით. რა ამოცანაც ჰქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმას, იყო რამდენიმე რამ, მათ შორის, ჩვენება, რომ ძალიან განსხვავებული ძალებია, რომლებიც ერთმანეთს არ ერწყმიან, მაგრამ შეუძლიათ ფუნდამენტურ საკითხებზე ერთად მუშაობა. კოალიციური მმართველობის მინი მოდელია, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ქადაგებს ის კი არა, შევერწყათ და ერთი სია გვქონდესო, რაც სრულიად არარეალისტურია და საზიანო, არა, სრულიად საპირისპირო, რაც “ქართულ ქარტიაში” იყო. ეს იყო ამოცანა, რომ პარტიების მიმართ ნდობა აღდგეს მოკრძალებული ნაბიჯებით, რომ იმაზე “გაიქაჩო”, რაც შეგიძლია გააკეთო. ამ ხალხმა კი, ნაწილმა თავიდანვე დარტყმა განახორციელა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” განსაკუთრებით, რადგან მათი და მათი ლიდერის გარშემო არ იყო ეს ყველაფერი, ეგრევე დაიწყეს თავდასხმა. ანუ ის ძალა, რომელიც იძახდა, რომ სრული შერწყმა არის სასურველიო, მინიმალურ თანამშრომლობაზე თქვეს უარი. მერე “ახალმა” აიტაცა ეს დროშა, შიგნით დისკუსიის ნაცვლად, ამ თემით დაარტყა პროცესს, მერე გახარიამ პოზა დაიჭირა და ახლა “ლელომ” პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან შეთანხმებული პოზიციის გამოთქმიდან ერთი დღის მერე ამის საპირისპირო კამპანია დაიწყო.
რა საჭირო იყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება და მორყეული ნდობის მქონე პარტიების მიმართ ნდობის ვერ აღდგენას? და ამაში წვლილი შეიტანა ყველამ, მაგრამ ამ ბოლო ეტაპზე “ოქროს მედალი” “ლელოსა” და მის ლიდერებს ეკუთვნის”, – აღნიშნა ბოკერიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მორალური იზოლაცია აქვს და პროტესტის შენარჩუნება ეროვნული ინტერესია, რათა მთავრობა იძულებული გახადოს, რომ გადადგეს.
“ჩვენ უნდა გვქონდეს განწყობა, რომ ის, რაც აქამდე იქნა მიღწეული, რომ ამდენი ადამიანი ყოველ დღე, ყველა ამინდში დგას ქუჩაში სიმბოლურად, ამას გარდა, პერიოდულად არის ხალხმრავალი აქციები, ამ რეჟიმის წარმომადგენლებს აქვთ მორალური იზოლაცია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში და ეს ძალიან აწუხებთ, ასევე აქვთ საერთაშორისო პოლიტიკური იზოლაცია – ამის შენარჩუნება ჩვენი ეროვნული ინტერესია იმიტომ, რომ ეს არის არასაკმარისი მაგრამ აუცილებელი პირობა ამ რეჟიმის დამარცხებისთვის, მათი იძულებისთვის, რომ მთავრობა წავიდეს და არჩევნები დაინიშნოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.