პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, სანამ საქართველოში პროტესტი გრძელდება, „ქართული ოცნების“ იზოლაციაში დარჩენის ალბათობა მაღალია.
ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა აღიარება არ ყოფილა, რადგან ხელისუფლების „ე.წ. წარმატებები ეროვნულ ინტერესებთან არავითარ კავშირში არ არის“.
„სანამ პროტესტი გრძელდება, მათი პოლიტიკურ იზოლაციაში დარჩენის ალბათობა მაღალია. ჩვენთან არ ყოფილა სცენარი, რომ თავისუფალმა სამყარომ ხელისუფლებად ვინმე სხვა აღიარა, ამიტომ, გაკვირვება იმით, რომელიმე ელჩი შეხვდათ ან ელაპარაკათ, მითუმეტეს აღშფოთება, ჩემი აზრით, არაზუსტია. მესმის, ადამიანების ემოციის, მაგრამ პოლიტიკოსებს და ადამიანებს, რომლებიც გარკვეული არიან საერთაშორისო ურთიერთობებში, ამ ფორმით აღშფოთება არ უნდა გამოეხატათ. არ უნდა ეხმარებოდნენ ივანიშვილის რეჟიმს ირიბად იმაში, წარმატებად ჩაიწერონ ის, რაც ქვეყნისთვის არ ყოფილა. ისინი სწორედ იმაში უნდა ვამხილოთ, რომ მათი ე.წ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან არავითარ კავშირში არ არის“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი განმარტებით, „რეჟიმს საზეიმოდ არ აქვს საქმე“.
„ელჩები იმისთვის არიან, რომ პოლიტიკურად არალეგიტიმურ რეჟიმებსაც ელაპარაკებიან ყველგან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის სრულიად მიუღებელ რეჟიმსაც. სანამ ამ ხელისუფლებას რეალური ძალაუფლება აქვს, ყველა საერთაშორისო მოთამაშე გარკვეული ფორმით მათთან იქნება კონტაქტში, იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ძალაუფლება აქვთ. ამიტომ, არც ამაზე უნდა გვქონდეს ისტერიკა. ამ შეხვედრაზე იყო მშრალი და დიპლომატიურ ენაზე ძალიან აგრესიული გზავნილი, გავახსენეთ ის ნაბიჯი, რომელიც ურთიერთობის ნორმალიზებას სჭირდებაო. ანუ, იზოლაციაში არიან, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი განმარტებით, საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება.
„ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა კი არ აქვს, ელჩთან შეხვედრა კი არ უხარია და პირობები კი არ აქვს დასაკმაყოფილებელი, რომ ურთიერთობა დაალაგოს, არამედ ისეთი,რომელსაც აქვს რეპუტაცია, კარგი გაგებით, პარტნიორებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის „მიაწვეს“. ყველაზე უფრო ჩვარი არის ის ხელისუფლება,რომელიც საკუთარი მომხრეების მოტყუებას ცდილობს, გამარჯვება მოვიპოვე, აშშ-ის ელჩი შემხვდა და მითხრა, შენ თვითონაც იცი, რა პირობები უნდა დააკმაყოფილო, თუ გინდა, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდესო. ისინი ამაზეც ფსონს დებენ, რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს პოლიტიკურად შეგუება მოხდა ამ რეალობასთან, ეს ასე არ არის ნამდვილად, ამიტომ არის პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელჩმა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, “რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”.
