ჩვენ დღვანდელ ვითარებაში გვჭირდებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც ისარგებლებდა გეოპოლიტიკური ვითარებით, საფრთხეებითა და შესაძლებლობებით, რომ წინ წავეწიეთ, ამის ნაცვლად თვითონ შექმნეს კრიზისი , – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” დამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ბოკერიას შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დასახული ამოცანა, რომელიც კრიზისის გადაჭრას ითვალისწინებს, მოღალატეობრივია.
“ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა თვითონ ყველა ეტაპზე და ამის შემდეგაც გაღრმავება, რისკების გაზრდა, ძალადობის პროვოცირება, ძალადობის ჩადენა, თან ამაზრზენი ფორმით – ყველაფერი არის ამ ხელისუფლების შემოქმედების შედეგი.
ყველა ეტაპზე, ივანიშვილის რეჟიმის კატასტროფული საქციელის მიუხედავად, დასავლეთი გეოპოლიტიკური ინტეგრაციით იყო დაინტერესებული, ანუ მათ კანდიდატის სტატუსი მისცეს “რუსული კანონის” შემოღების და უკან გაწვევის შემდეგ, იმ კრიზისის მერე, რაც დემონსტრაციულად იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რა პირობებიც ჰქონდა ევროკავშირს დაყენებული.
ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაშიც თვითონ შექმნეს ეს ყველაფერი, ამ უტიფრობით, როცა კრიმინალურ ელემენტთან ერთად, პოლიცია ამ ფორმებით არბევს ადამიანებს.
მათ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ამა თუ იმ დასავლურ ქვეყანაში და, ამ შემთხვევაში, მთავარ ლიდერ ქვეყანაში, მათ აღარ ექნებათ პრობლემები, ამას ეუბნებიან ხალხს, რომ ჩვენ აღარ მოგვაწვებიანო. ანუ, იმას კი არ ეუბნებიან, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეროვნული ამოცანების გადაჭრასო. ამ დროს, ჩვენი ინტერესია, რომ იმ უზარმაზარი საფრთხეებისგან, რომელიც რუსეთიდან მოდის, ჩვენ ვიყოთ დაცულები. არა, ამას კი არ ეუბნებიან, ამბობენ – ნუ გეშინიათ ხალხო, ჩვენ კი გვაწვებიან ახლა, მაგრამ მერე ფეხებზე დაიკიდებენ ჩვენს ქვეყანასო. დასახული ამოცანაც მოღალატეობრივი აქვთ. ჩვენ ეროვნული ამოცანა ის კი არ გვაქვს, რომ თავი დაანებონ ჩვენს მთავრობას. როგორ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ კმაყოფილი, როგორც ქვეყანა, რომ ჩვენს მთავრობას ვიღაცამ ხელი ჩამოართვა.
ჩვენ ამ ვითარებაში გვჭირდებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც ისარგებლებდა ამ გეოპოლიტიკური ვითარებით, საფრთხეებითა და შესაძლებლობებით, რომ წინ წავეწიეთ, ამის ნაცვლად კი თვითონ შექმნეს კრიზისი”, – აღნიშნა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ევროკავშირში ის პოლიტიკოსები, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევიან, მათი ნარატივიდან გამომდინარე, რუსულ საქმეს აკეთებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს პირები არიან იმ იდეის მხარდამჭერი, რომ რუსეთის გავლენის სფეროში დატოვონ მთელი ეს რეგიონი.
“თუ დავაკვირდებით ხელისუფლების პროპაგანდისტულ ორგანოებს, მათ პროპაგანდას, მათი სპიკერების გამოსვლას, ციტირებენ პოლიტიკური დასავლური კლასის ცალკეულ წარმომადგენლებს. თუ გადავავლებთ თვალს, ვის იყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის – ყველა ეს ადამიანი ამა თუ იმ ფორმით, ზოგი ძალიან, ზოგი კიდევ უფრო მეტად არის მათი ქმედებებით რუსეთის მხარდამჭერი. ანუ იმ იდეის მხარდამჭერი, რომ რუსეთის გავლენის სფეროში დატოვონ მთელი ეს რეგიონი. საქართველოსთვის რაც სახიფათო არის ძალიან, იმ იდეის გამტარებელი ადამიანები არიან მათთვის სასურველი სპიკერები დღეს.
ადამიანები უყურებენ რაღაც პროპაგანდისტულ არხს, ხედავენ ვიღაც დასავლელ პოლიტიკოსს და, შეიძლება, არ იციან, რომ ამ პოლიტიკოსის მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ, რომელიც მარგინალი არის იქ, ერთ პაკეტშია იმ გზავნილებთან, რომელიც სწორედაც, რომ ჩვენს წინააღმდეგაა, რომ ნატოს გაფართოება და ევროკავშირის გაფართოება არასწორი იყო – რაც რუსეთს უნდა და რასაც ივანიშვილის რეჟიმი იძახის, ერთი ერთში იმეორებენ.
ამ ნიაღვარში ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებია – ევროპა გვინდა და გაგვიღეთ კარიო, იძახიან და მეორე წუთში ამბობენ, რომ საფრთხე არის დასავლეთი, რომელსაც დაუწყია ომი უკრაინაში, დაუწყია ომი საქართველოში 2008 წელს. ეს სიცრუე მუდმივად უნდა ვამხილოთ ფაქტებით და არა ჩვენი შეფასებებით.
რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ გველის ან ძალიან ცუდი კრიზისის გაღრმავება, ან კიდევ უარესი და ის, რომ რაღაც დასტაბილურდება, ეგ საქართველოსთვის ხსნა ვერ იქნება. ეს შეიძლება იყოს დროებითი ხსნა ივანიშვილისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესია, ვიყოთ დაცული, უსაფრთხოდ, თავისუფალი და იმ სივრცეში, რასაც თავისუფალი სამყარო ჰქვია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
