თუ ვაშინგტონში ჩადიხარ უდაბლეს დონეზე და ზოგად სადღეგრძელოებს იძახი, ურთიერთობა უნდა აღვადგინოთო, მაგრამ მეორე ხელით შენი ქვეყნის შიგნით პირდაპირ ანტი-ამერიკულ და პრო-აიათოლების პროპაგანდას ეწევი, როგორ შეიძლება მიაღწიო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რაიმე პროგრესს? – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ბოკერიას თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა და ამ თემაზე სპეკულირება უსაფუძვლოა.
„თუ დააკვირდით ამ ბოლო დღეების პროპაგანდას, პირდაპირ ანტი-ამერიკული, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ პროპაგანდას აწარმოებენ, თან ზუსტად იმავე ხაზით – ირანზე თავდასხმას გმობენ.
ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც საქართველოს წარმოაჩენს, როგორც საკვანძო სივრცესა და ქვეყანას, რომლის დაცვაც, რომლის უსაფრთხოება და სახელმწიფოებრიობა არის მორალურად დასაცავი და შედის პრაგმატულად დასავლეთის ინტერესებში. ამის უნარი ხელისუფლებას, რომელსაც პრობლემა აქვს ურთიერთობის აღდგენის, არ აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაღაცაში ოდნავ წინ წაიწევენ, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა, თან თუ ამასობაში ვაშინგტონში ჩადიხარ უდაბლეს დონეზე და ზოგად სადღეგრძელოებს იძახი, მაგრამ მეორე ხელით შენი ქვეყნის შიგნით პირდაპირ ანტი-ამერიკულ და პრო-აიათოლების პროპაგანდას ეწევი, თუ ამ ნაბიჯების გამო გაგიფუჭდა ურთიერთობა ამერიკასთან, ჩადიხარ და იქ სადღეგრძელოებს იძახი, ურთიერთობა აღვადგინოთო, მაგრამ ამას აგრძელებ, როგორ შეიძლება მიაღწიო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რაიმე პროგრესს?
არანაირი წინაპირობა ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რაც საჯაროდ ვიცით, რომ რამე შეიცვალა, არ გვაქვს და მთელი ეს სპეკულირება უსაფუძვლოა“, – განაცხადა ბოკერიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზეც ისაუბრა და მის საფრთხეებზე სამხრეთ-კავკასიაში. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს გარანტია იმის, რომ ირანის მოქმედი რეჟიმი არ მიაყენებს ზიანს სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა, ბოკერიამ უპასუხა, „არა თუ გარანტია არ აქვს, ეს საფრთხე არის რეალური“.
„ირანი იმ ტიპის ტირანიული რეჟიმია, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც თავად მისი ნაბიჯების შედეგად აღმოჩნდა, ახლა რა ნაბიჯს გადადგამს, ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი. ეს საფრთხე არის რეალური და ამას აზერბაიჯანის მაგალითი ადასტურებს. აზერბაიჯანის ამბიდან დასკვნა რა არის? აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სცადა, რომ დიპლომატიური ჟესტები გაეკეთებინა, სამძიმარი გაუგზავნა, მისი სივრცე სამხედრო ოპერაციისთვის არ დაუთმია და არანაირ პირდაპირ სამხედრო კავშირში არ არის არც ამერიკასთან და არც ისრაელთან. დასკვნა არის ის, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება თავდაცვისუნარიანობა, ამის ნაცვლად ივანიშვილის რეჟიმის გამო ჩვენ მთელ რეგიონში დიდი დისტანციით ჩამოვრჩებით ყველას, რადგან თავდაცვის რესურსები დააკლო და ქართულ საზოგადოებას ატყუებს, რომ ამ სამარცხვინო ჟესტებით, რომლითაც თავისუფალ სამყაროს გადაგვკიდა და მოკავშირეები არ გვყავს, ამით შეიძლება გადაგარჩინოს ირანის ნაირი რეჟიმისგან. აზერბაიჯანის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. აზერბაიჯანს მოკავშირეებიც ჰყავს რეგიონში და თავდაცვისუნარიანობაც აქვს. ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე“, – განაცხადა ბოკერიამ.




