რეჟიმი დასამარცხებლად აუცილებელი წინაპირობაა, ერთწლიანი წინააღმდეგობა და მრავალათასიანი აქცია, რომ პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, იმ რაოდენობამდე, იმ განშრევებამდე, რომელსაც რეჟიმი და სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი ვერ გაუძლებს, ეს არის ჩვენი და ქართული საზოგადოების ამოცანა , – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „რეჟიმი უნდა დამარცხდეს“ ისე, როგორც 30 წლის წინ კომუნისტურ – რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებით მოხდა.
„ერთი წლის წინ, ივანიშვილის რეჟიმმა გამოაცხადა დამარცვლით, რომ უნდა, სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას და რუსეთის ვასალობას შეგვაგუოს, რაც ერთი და იგივეა და ნიშნავს ათწლეულებს ჯოჯოხეთში, უზარმაზარ მსხვერპლსა და თაობების გაწირვას ამ ჯოჯოხეთში საცხოვრებლად. ბუნებრივია, რომ ის წინააღმდეგობა რაც ერთი წელია გრძელდება, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის ჯერ საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს. აუცილებელი წინაპირობაა, ეს ერთწლიანი წინააღმდეგობა და მრავალათასიანი აქცია იმისთვის, რომ პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, იმ რაოდენობამდე, იმ განშრევებამდე, რომელსაც ეს რეჟიმი და ეს სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი ვერ გაუძლებს, ეს არის ჩვენი და ქართული საზოგადოების ამოცანა. სხვა ალტერნატივა ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის თავისუფლებისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლების დაცვისა არ არსებობს.
ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს ისე, როგორც ეს მოხდა 30 წლის წინ კომუნისტურ რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებით.
მგონია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამ რეპრესიების ფონზე, რა დროსაც ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ ლიდერი და მოქალაქე ციხეშია, უნდა გააგრძელონ და არსებითად გააუმჯობესონ საკუთარი გზავნილი, რომლითაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ არ არის შემოერთებული პროტესტს და ვინც არის, დაანახებენ, რომ განსხვავებების მიუხედავად არსებობს ფუნდამენტურად საერთო მომავლის ხედვის ჩარჩო, რომელიც ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ ამ ჭაობიდან ქვეყანას ამოიყვანს“, – განაცხადა ბოკერიამ.




