მერამდენე წრეზე არიან, რამდენჯერ უნდა ჩავიდნენ ბუდაპეშტში, რამდენჯერ უნდა ჩამოიყვანონ აქ უნგრელი, რამდენჯერ შეიძლება შეხვდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ემირატების,საუდის არაბეთის , ჩინეთის ელჩებს? – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტები, მათ შორის ირაკლი კობახიძის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი შეაფასა. მან ტყუილი უწოდა „ქართული ოცნების“ ინფორმაციას, რომ საამიროები საქართველოში 6 მლრდ. დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებენ, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება უკვე გაფორმდა.
„ეს არის მორიგი ტყუილი ექვს მილიარდთან დაკავშირებით. ჯერ ზოგადი შეფასებით დავიწყოთ, როდესაც არ იღებენ ევროპული ქვეყნის არცერთ დედაქალაქში, გარდა უნგრეთისა, არ იღებენ აშშ-ში, უარი უთხრეს მონაწილეობა მიეღოთ დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, მოსაწვევი არ აქვთ მიუნხენის ეკონომიკურ კონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ყოველი წლის დასაწყისში იმართება, პირველად მოხდა, რომ საქართველო არ მონაწილეობდა და მოწვევა არ მიიღო. უმნიშვნელოვანესი თავყრილობებია, ერთი შეეხება ეკონომიკას, მეორე კი უსაფრთხოებას, გეოპოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას. საპროგრამო განცხადებით გამოდიან ხოლმე მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები და პირველად მოხდა, რომ იქ ჩვენ არ ვართ. ეს არის უტყუარი, მკაფიო და ცხადი ნიშანი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში, ისინი არიან საერთაშორისო კეთროვანები, მათი დანახვა არ უნდათ ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის დავოსი და მიუნხენი. ასეთ დროს, იმისთვის, რომ ჯერ კიდევ შერჩენილ მომხრეებს და ქართულ საზოგადოებას, სადაც ეს შეიძლება გაუვიდეთ, თავს მოახვიონ მორიგი ტყუილი, ისინი ცდილობენ შეხვდნენ იმ სახელმწიფოებს, რომლებთანაც ჯერ კიდევ აქვთ ეს ურთიერთობა. მერამდენე წრეზე არიან,რამდენჯერ უნდა ჩავიდნენ ბუდაპეშტში, რამდენჯერ უნდა ჩამოიყვანონ აქ უნგრელი, რამდენჯერ შეიძლება შეხვდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის,უზბეკეთის, ემირატების, საუდის არაბეთის , ჩინეთის ელჩებს?
ემირატებში მე მყავს მეგობრები. ე ს უცხოელი მეგობრები არიან, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მუშაობენ. ეს ექვსი მილიარდი ან იქნება ან არ იქნება იმიტომ, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის არის ძალიან სარისკო ქვეყანა, საქართველოში ინვესტიციებს არავინ ახორციელებს. თქვენ რომ იყოთ ინვესტორი და გქონდეთ თავისუფალი კაპიტალი, საქართველოში ფულს ჩადებდით, სადაც მაღალი ინფლაციაა, პოლიტიკური არასტაბილურობაა და სადაც ერთ ადამიანს აქვს მიტაცებული მთელი სახელმწიფო? სადაც პრობლემები თუ შეგექმნებათ, არ არსებობს სასამართლო, დაიცვათ ინტერესი იმიტომ, რომ სასამართლო არის ერთი ადამიანის ჯიბეში. მე როგორც მითხრეს ემირატებიდან, აქ საუბარი არის ან იმ რუსულ კაპიტალზე, რომლის გადარჩენასაც რუსი ოლიგარქები ცდილობენ ემირატების გავლით, რადგან ისინი არიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ და სინამდვილეში ეს არის რუსული კაპიტალის გადარჩენის ოპერაცია და არანაირ ინვესტიციებზე საუბარი არ არის. მეორე ვარიანტი შეიძლება ეს იყოს – 6 მილიარდი, რომელსაც წლების განმავლობაში დახარჯავს ემირატები აქ არაბებისთვის კორპუსების ასაშენებლად. აი, ამ ინვესტიციაზე შეიძლება იყოს საუბარი ინფორმაციას კიდევ დამიზუსტებენ, ზუსტად რაზე იყო ეს ვიზიტი“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, გია ჯაფარიძემ ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გულისხმობს. მისი თქმით, ევროკავშირის რეაქცია „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში დაგვიანებული, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია.
„ევროპის კავშირი დგამს ნაბიჯებს, რომელიც ჩემი აზრით, არის დაგვიანებული, ისევე, როგორც აშშ-ს ნაბიჯები არის დაგვიანებული და მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი. დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები თავს იტყუებდნენ ან ზედმეტი ოპტიმიზმი ჰქონდათ ან მიამიტურად სჯეროდათ იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორება ოდესმე შეიძლებოდა.
საზოგადოება2013 წლიდან არწმუნებდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის ანტიქართული, ანტიევროპული ძალა, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის რუსეთთან და ზოგადად, ავტორიტარულ რეჟიმებთან, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ადამიანებს, ვისაც ამაში არწმუნებდნენ, სამწუხაროდ, ამის არ სჯეროდათ.
ამის დაჯერება მოხდა შარშან, როდესაც საკუთარი თვალით იხილეს რუსული კანონი, განსაკუთრებით კი დეკემბერ-იანვარში, როდესაც „ქართული ოცნება“ ფაშისტურად გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს და არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს,“ – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
რაც შეეხება საკითხს, უნდა ჰქონდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორს ორბანის იმედი, ჯაფარიძე ამბობს:
„კი, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი კვერცხი ჩადო სწორედ ორბანის ბუდეში და იმედი აქვს, რომ როგორც თვითონ ამბობენ, დაეხმარება ურთიერთობები დაულაგოს აშშ-სთან, ხოლო ევროპის კავშირში ეროვნული საკითხები დააბლოკვინოს ვიქტორ ორბანს. არ ვიცი, ეს რამდენად გამოუვა, რადგან პოლიტიკა არის დინამიკა და ის არასდროს არის გაყინული და სტატიკური, რა თქმა უნდა, ორბანმაც შეიძლება შეიცვალოს პოზიციები“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, გია ჯაფარიძემ ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნაზე, რომ ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ, თუმცა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს.
„მე მაქვს დაწერილი განცხადება, რომ არ ვცნობ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, არ ვცნობ ამ პარლამენტის უფლება-მოსილების, არ მერიცხება სახელფასო ანაზღაურება, საერთოდ არავინ დამკავშირებია პარლამენტიდან, არ დავდივარ პარლამენტში, არ ვმონაწილეობ პარლამენტის მუშაობაში, არ მაქვს დადებული ფიცი, როგორც საქართველოს პარლამენტის წვერს, მე არ წარმოვადგენ თანამდებობის პირს, ამას გარდა, („ქართული ოცნების“) ქონებრივი დეკლარაციები არ არის საჯარო და რა გამოდის? ითხოვენ, მე, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ უნდა შევავსო ქონებრივი დეკლარაცია რაჟდენ კუპრაშვილისთვის და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩემი აზრით, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია. ცდილობენ ამით შეგვავიწროონ, კიდევ ერთი შეტევა მიიტანონ ჩვენზე, ეს არის ერთგვარი წნეხი. შეიძლება სურვილი აქვთ, რომ – ამათმა დეკლარაცია შეავსეს, შესაბამისად ცნობენ პარლამენტის უფლებამოსილებას, რაც თავისთავად, სისულელეა. მე რომ ვიყო მართლა თანამდებობის პირი, რასაკვირველია, დასამალი არაფერი მაქვს და პირიქით, მე ვარ გამჭვირვალობის მომხრე, ვითხოვ, რომ საჯარო გახადონ ყველა ქონებრივი დეკლარაცია. რატომ არ ასაჯაროებენ წინა მოქმედი დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციას? მაჩვენონ ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძის და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები.
სინამდვილეში მათ გამჭვირვალობა არ აინტერესებთ, გამჭვირვალობა მე მაინტერესებს, ოღონდ, მე არ ვარ ამ მომენტში თანამდებობის პირი. ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, არ არის ძალაში, არასამართლებრივი და არაგონივრულია. ეგრე შეიძლება მე მითხრა, რომ ხარ ლემურების მანდატურთუხუცესი, ზებრების მეჯინიბე და გეკუთვნის ქონებრივი დეკლარაციის შევსება და უნდა შევავსო? შეძლება ასეთ სულელურ მოთხოვნებს დავემორჩილოთ?!”, – აღნიშნა გია ჯაფარიძემ.
