ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების პერმანენტული რეჟიმშია: გააყალბა არჩევნები, დაკარგა ლეგიტიმაცია, ახლა 78-ე მუხლს ყოველდღე არღვევს, ანუ კონსტიტუციაც თავზე გადაგვახიეს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა მშვიდობიანი გზით უნდა აიძულოს ხელისუფლება, დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებს.
ამასთან, ხუხაშვილმა ისაუბრა ოპოზიციაზე, მისი თქმით, ოპოზიცია „ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზეა ორიენტირებული ნაცვლად ერთიანობისა.
„სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლება აწყობს. ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების პერმანენტული რეჟიმშია: გააყალბა არჩევნები, დაკარგა ლეგიტიმაცია, ახლა 78-ე მუხლს ყოველდღე არღვევს, ანუ კონსტიტუციაც თავზე გადაგვახიეს. ახლა ჩვენ, ხალხმა, მშვიდობიანი გზით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში და თუ ამაზე უარს აცხადებს, გავუშვათ სახლში არჩევნების გზით.
რა თქმა უნდა, ოპოზიცია ცუდ ფორმაშია ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი გაასწორონ და ორივე ფლანგმა ერთმანეთის არჩევანს პატივი სცეს. ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირდნენ იმაზე, რაც აერთიანებთ, შეურაცხყოფითა და ცილისწამებით არიან დაკავებულები, ძირითადად ის ნაწილი, ვინც ბოიკოტის მომხრეა. ალესილი აქვთ ენები და დილიდან საღამომდე ხაზარაძეზე ლაპარაკობენ, თითქოს, ამ ქვეყნის პრობლემა ხაზარაძე იყოს. თვითონ ვინ არიან, რისი თავი აქვთ?“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი 4 ოქტომბრის დღესთან დაკავშირებით წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნას აფასებს და აღნიშნავს, რომ შექმნილი ძალები პირიქით ხელისუფლებას დაეხმარება.
მისი თქმით, მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი პროტესტი, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგების გამჭვირვალობას მოითხოვენ.
მისივე აზრით, ხალხმა ერთი დღით უნდა აიღოს ძალაუფლება და ხელისუფლება აიძულოს სამართლიანი თამაშის წესებით მოქმედება.
„ხელისუფლებას კი არა ოპოზიციას უპირისპირდებიან. ხელისუფლება თავის ამომრჩეველს მაინც მიიყვანს. ბიძინას საქმეს აკეთებენ ისევ. რა გგონიათ, ესენი ჯგუფებს რომ შექმნიან, ხელისუფლების ამომრჩეველი უბანთან ვერ მივა? კარგად გამოტყიპავენ ამათ და ამით დასრულდება ყველაფერი. თვითდაზიანებას იყენებენ, მაზოხიზმის განსაკუთრებული ფორმა მოიფიქრეს. ჯობდა, ეს პოლემიკა საერთოდ არ წამოწეულიყო.
4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, რომ დააბრუნოს მოპარული ხმები. ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ. რაც 26 ოქტომბერს უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ, ხალხმა ერთი დღით უნდა ავიღოთ ხელში ძალაუფლება და ვაიძულოთ ხელისუფლება, ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით. 4 ოქტომბერს დილით გამოვიდეთ და მეორე დილამდე, სანამ ყველა უბნიდან არ გამოვა ოქმები, ვიდგეთ მშვიდობიანად და ხელისუფლებას არ მივცეთ უფლება, იქიდან გამოიტანოს დახატული ოქმები. უბნებზე 100 ათასი კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
