ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,პოლიტიკურ პროცესს სჭირდება არა მექანიკური, არამედ შინაარსობრივი, მსოფლმხედველური გაერთიანება.
არაერთხელ მითქვამს, რომ ქართული ოცნება და ნაც. მოძრაობა არის ერთგვარი პოლიტიკური სიმბიოზი, რომლებიც მიუხედავად ბუნებრივი ანტაგონიზმისა, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ.
როგორ უნდა დაირღვეს ეს სიმბიოზი და გზა გაუხსნას რეალური ალტერნატივის ფორმირებას?
ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი შეცდომების აღიარება.
მაგალითისთვის, მე ვთქვი, რომ 2012-ში რომ მცოდნოდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა 2025-ში ქვეყანა, არათუ ხელს არ შევუწყობდი ქართულ ოცნებას, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგებოდი მის ხელისუფლებაში მოსვლას.
ნაც. მოძრაობამ ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს ბიძინას დანაშაულით “გააპრავოს” საკუთარი დანაშაული, რაც შეუძლებელია, უნდა აღიაროს, რომ მათ დროსაც ჰქონდა ადგილი პოლიტიკურ დევნას, მართლმსაჯულების სისტემა იყო პოლიტიზირებული და საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტი, ადგილი ჰქონდა ელიტურ კორუფციას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
მხოლოდ ამ გულწრფელი აღიარების საფუძველზე შეიძლება საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელსაც არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება უნდა, ნდობის დაბრუნება.
ჯერ-ჯერობით ნაც. მოძრაობის მხრიდან არა თუ ამას, არამედ პირიქით, ოპოზიციაშიც კი ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ვხედავთ, განსხვავებული აზრის მიმართ აგრესიული შტურმის სახით, რაც ბუნებრივად კვებავს სიმბიოზს და ამით აძლიერებს ხელისუფალს.
შედეგად ვიღებთ არა თუ ცვლილებებს, არამედ რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას.“
