ოპოზიცია რომ ამბობს, არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო, რა რესურსი აქვს იმის, რომ ხელისუფლება შეცვალოს არასაარჩევნო გზით? თუ ალტერნატიულ, არასაარჩევნო გზას ირჩევს, მაშინ უნდა ადგეს და გააჩინოს ეს ბმა, მოახდინოს კაპიტალიზაცია საპროტესტო რესურსის და წაართვას მხარდაჭერა ხელისუფლებას, დაიყვანოს 20%-ზე, მაგრამ აკეთებს ოპოზიცია ამისთვის რამეს?, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკოსები კომენტატორებად იქცნენ, თუმცა ისინი იმისთვის არიან საჭირო, რომ იმოქმედონ.
“ბოიკოტი გავიგე, როგორც დისიდენტის პოზიციიდან, ეს მესმის, მაგრამ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით – კი ბატონო, არ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ? თუ საუბარია იმაზე, რომ არასაარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება, არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება რესურსები, ეს არის გარკვეული სინერგია საგარეო ფაქტორებისა და საშინაო ფაქტორების. საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ნორმალური მდგომარეობაა ამ მხრივ, აღიარება არ აქვს ხელისუფლებას, მაგრამ საშინაო ფაქტორებში რა ხდება? იგივე იმ ოპოზიციას, რომელიც ამბობს, არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო, რა რესურსი აქვს იმის, რომ ხელისუფლება შეცვალოს არასაარჩევნო გზით? აღმოჩნდება, რომ არ აქვს ეს რესურსი იმიტომ, რომ არასაარჩევნო გზით ხელისუფლება იცვლება რევოლუციური გზით, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობის, დაახლოებით, 80% არის ხელისუფლების წინააღმდეგი და, რაც მთავარია, ამ 80%-ს ჰყავს ლიდერი პოლიტიკური კლასის სახით. არ არის ეს მოცემულობა.
დღეს იგივეა განაწილება, როგორიც იყო – 60%/40%-ზე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად ამუშავა თავისი პროპაგანდა, ძალიან ბევრ ადამიანს გამოურეცხა ტვინი. შეიძლება, არ აქვს მაღალი ნდობა, მაგრამ თავისი 40% აქვს. ეს 40% ძალაუფლების სტაბილურობისთვის სავსებით საკმარისია. ოპოზიცია თუ ალტერნატიულ, არასაარჩევნო გზას ირჩევს, მაშინ უნდა ადგეს და გააჩინოს ეს ბმა, მოახდინოს კაპიტალიზაცია საპროტესტო რესურსის და წაართვას ეს მხარდაჭერა ხელისუფლებას, დაიყვანოს 20%-ზე. ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ აკეთებს ოპოზიცია ამისთვის რამეს? არაფერს არ აკეთებს. ისინი უბრალოდ იქცნენ კომენტატორებად. ძალიან სწორ რაღაცებს ლაპარაკობენ, კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ პოლიტიკოსი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ იმოქმედოს. როდესაც არსებობს საპროტესტო არმია, არმიას სჭირდება სარდალი. სარდალი უნდა იყოს პოლიტიკოსი, პოლიტიკოსები კი ამბობენ, ჩვენ ვართ ერთი რიგითი ჯარისკაცებიო. წარმოიდგინეთ, არმია რომ ომში მიდის და გენერალს ეკითხებიან, საიდან შევუტიოთო – სტრატეგიას ეკითხებიან, გენერალი უპასუხებს, მე ნუ მეკითხებით, მე ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარო – აბსურდი არ არის, როდესაც გენერალი ამაყობს იმით, რომ ჯარისკაცია?” – აღნიშნა ხუხაშვილმა.
კითხვას მოსაზრებაზე, რომ “ქართულ ოცნებაში” ეძებენ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელსაც ოპოზიციის ერთიან კანდიდატს დაუპირისპირებენ და რომ ეს შესაძლოა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია იყოს, ხუხაშვილმა უპასუხა, რომ მას “ქართულ ოცნებაში” არ ეგულება ასეთი “ნამუსგარეცხილი და თან ავტორიტეტული ადამიანი”, რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, პოლიტოლოგის თქმით, კარგი და საამაყო კალათბურთელია, მაგრამ კიდევ ერთი სპორტსმენი არაა საჭირო.
“მე არ მეგულება “ქართული ოცნების” ფლანგზე, მის მხარდამჭერებში იმდენად ნამუსგარეცხილი ადამიანი, თან ავტორიტეტიც რომ იყოს თბილისში, ასეთი არ არსებობს ბუნებაში. ჯერ ფეხბურთელი იყო, ახლა კალათბურთელი… თუ თბილისი ამ მარაზმზე კიდევ ხელს მოაწერს, აღარ ყოფილა საშველი, მაშინ იმის ღირსები ვართ, სადაც ვართ.
კი, ზაზა ფაჩულია ჯიგარია, კარგი კალათბურთელია, გვეამაყება ყველას, მაგრამ… ამ ერთმა სპორტსმენმა ხომ გადაჭამა ქალაქი, ახლა კიდევ ზაზა ფაჩულია გვინდა?”, – უპასუხა ხუხაშვილმა.
