გია ხუხაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მისი განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია – ნიკა მელიას ის თვისებები აქვს, რომლებიც პოლიტიკას ძალიან სჭირდება

[ამომრჩეველთა] მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მისი განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია – ს ის თვისებები აქვს, რომლებიც პოლიტიკას ძალიან სჭირდება, პოლიტიკა არის რკინის ქალამნებით სოფელ-სოფელ სიარული და პოლიტიკური დინამიკის აკრეფა, მას ეს თვისებები აქვს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე და მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ათწლეულის განმავლობაში ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებით, „ქართული ოცნებაც“ დასუსტდა.
„დიდი ხანია, პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] ელექტორატული თვალსაზრისით გაყოფილი იყო, უბრალოდ, იქ რაღაც მანევრები მიმდინარეობდა თუ რა ფორმით და როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი. გუშინ, საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება შედეგებს, მას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. ნეგატიური ის არის, რომ პარტიის გაყოფა მის დასუსტებას უკავშირდება, ბუნებრივია. რა პროპორციით გაიყო არ ვიცით, მაგრამ რა პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, ელექტორატული თვალსაზრისით, მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა. მეორე მხრივ, პოზიტივი მხარე ის არის, რომ გარკვეულობა შევიდა. ეს ბუნდოვანება და გაურკვევლობა მთლიანად ყველაფერს აზიანებდა. პოზიტიური აგრეთვე ის არის, რომ ორივე ფრთა, რა პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, ოპოზიციურ ფლანგზე რჩება, შესაბამისად, ჯამურად, ოპოზიცია მთლიანობაში ამით არ დაზიანებულა. გარდა ამისა, ამ პროცესის პოზიტივი ის გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავარი პროპაგანდისტულ ხაზთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდება. საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ათწლეულის განმავლობაში ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს, ისინი ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ. „ქართული ოცნება“ საარჩევნო შედეგს მხოლოდ ნეგატიური გზავნილის შედეგად იღებდა. ის ამას ეუბნებოდა ამომრჩეველს – მე შეიძლება არ ვვარგივარ, მაგრამ ჩემი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ჩემზე უარესია. ამით იღებდა შედეგს.
ეს ორპოლუსიანობა ფაქტია, რომ ირღვევა. „ნაციონალური მოძრაობის“ განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია. იმიტომ, რომ კიდევ უფრო დასუსტებულია, ამ ყველაფრით მულტიპარტიულ დემოკრატიისთვის სივრცე გაიხსნა და ეს „ქართული ოცნებისაც“ უქმნის პრობლემებს. კი ბატონო, „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მაგრამ შესაბამისად, დასუსტდა „ქართული ოცნებაც“. მათ წაერთვათ მთავარი საარჩევნო იარაღი, რასაც ნეგატიური ჰქვია. საბოლოოდ, რაც ხდება ეს გაწმენდა სიტუაციის ამ პარტიაში და მის ირგვლივ, მხოლოდ წაადგება მომავალ პოლიტიკურ პროცესს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, ხუხაშვილმა ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პარტიის მომავალ შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ელექტორატული ზრდის პოტენციალი აქვს“.
„ჯერ ძნელია რამის თქმა, იმიტომ, რომ არ ვიცით რა პროპორციით გაიყო პარტია. ალბათ, მორიგ კვლევაში, რასაც სხვადასხვა ინსტიტუტები ატარებენ, უკეთ დავინახავთ და უკეთ გამოჩნდება ეს პარტია სად არის და რა მხარდაჭერით ისარგებლებს. გარდა ამისა, ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ელექტორატული ზრდის პოტენციალი აქვს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი ჩაკეტილი სისტემა იყო და მას განვითარების საშუალება არ ჰქონდა, ნუ ძლიერი ცენტრი იყო, მაგრამ ელექტორატის მატება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნიკა მელიას ეს რესურსი აქვს. რაც შეეხება, სად შეიძლება ის ვიხილოთ, რა ტიპის კოალიციებში და სისტემებში, ამაზე საუბარიც, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია, დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება თვითონ პარტიის ფორმირება, რამდენად გაზომვადი იქნება. რაც მთავარია, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირების პროცესი, უფრო თებერვლის თვიდან დაიწყება. მელია რომელიღაც ამ სისტემაში შეგვიძლია მოვიაზროთ.
ვფიქრობ, რომ ნიკა მელია დანარჩენი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებიდან განსხვავებით, მას ის თვისებები აქვს, რაც პოლიტიკას ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით, ამ ეტაპზე, ერთგვარი ხალხოსნობა, ხალხთან მისვლა, მუშაობა, ბევრი სიარული და ა.შ. სხვა პარტიების უმრავლესობა დღეს იქცა რაღაც ვირტუალურ კამერულ პარტიებად, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკაა, ის, რომ კვირაში ერთხელ ტელევიზორში დასხდებიან და რაღაც სიბრძნეებს მონოლოგის რეჟიმით დააფრქვევენ. ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის რკინის ქალამნებით სოფელ-სოფელ სიარული და პოლიტიკური დინამიკის აკრეფა. ნიკა მელიას ეს თვისებები აქვს. შესაბამისად, ის შეიძლება, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდეს ელექტორატის იმ სეგმენტზე, რომელსაც დღეს არ აქვს არჩევანი. ამ ელექტორატის ზომა დღეს ძალიან დიდია, დაახლოებით, 30-40%. შესაბამისად, ნიკა მელიას გარკვეული ზრდის პოტენციალი აქვს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.