მზია ამაღლობელის „ქეისში“ არ არის მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი, მას პირადი ვენდეტის განზომილებაც აქვს შეძენილი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი არის სისტემური დანაშაულის აისბერგის წვერი და შემდეგი კიდევ უარესი იქნება.
„რეჟიმები, საერთოდ, დაავადებული არიან ერთგვარი ბულიმიით და მისი აგრესიის დინამიკა სულ უფრო და უფრო მზარდია. რეალურად, მზია ამაღლობელი არის სისტემური დანაშაულის აისბერგის წვერი, შემდეგი კიდევ უარესი იქნება. თითქოს რაღა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, მაგრამ ეს ბულიმია ამას იწვევს – რეჟიმი მუდმივად წინ და წინ უნდა მიდიოდეს სადიზმისა და აგრესიის მიმართულებით იმისთვის, რომ მუდმივად ვითარდებოდეს და ერთ ადგილზე არ გაჩერდეს იმიტომ, რომ როგორც კი გაჩერდება, აქვს შიში, რომ შეიძლება ჩამოიშალოს.
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ – ის, რომ მზია პოლიტპატიმარია, ის, რომ სინდისის პატიმარია, ქალია და ა.შ. ჰუმანურობის ყველა პრინციპი დარღვეულია და ეს უკვე პოლიტიკის მიღმაა, პოლიტიკურ მოტივსაც ვერ დაუდებ, ეს არის სადიზმი.
ასეთი რეჟიმები სამ ფაზას გადიან – ყველაფერი ავტორიტარიზმით იწყება, რაც აბსოლუტურ ძალაუფლებას გულისხმობს, შემდეგი ფაზაა დიქტატურა, რა დროსაც იწყება განსხვავებული აზრის პოლიტიკური დევნა და მერე არის ტოტალიტარიზმი, რა დროსაც უკვე პირად ცხოვრებასა და სივრცეში იჭრებიან. ის, რაც დღეს ხდება მზია ამაღლობელისა და სხვა ადამიანების თავს, ეს უკვე არის ტოტალიტარიზმის ნიშნების შემცველი ქმედებები.
მზია ამაღლობელის “ქეისში” არ არის მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი, მას პირადი ვენდეტის განზომილებაც აქვს შეძენილი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილმა „ქართული ოცნების” ხელისუფლება მაფიოზურ მმართველობას შეადარა, ოპოზიცია კი უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან ამ პროტესტში ლიდერი ვერ გამოკვეთა.
პოლიტიკური ექსპერტის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების კოზირი სწორედ ქართული ოპოზიციაა.
„ბიძინას მთავარი პრობლემა არის სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება. სისტემას მუდმივი კვება სჭირდება. ის ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ იმ პრობლემების ფონზე, რაც სასანქციო პოლიტიკას მოჰყვება, კვების წყარო გააჩინოს, ჩინეთს ნახევარი საქართველო მიჰყიდოს, მეორე ნახევარი – არაბებს. ცდილობს, თავისი „შავი ფული“ შემოაგდოს და იმის ვიღაცები გამოკვებოს. გარდა ამისა, სისტემის სტაბილურობა მაფიოზურ პრინციპზე დგას – სისტემაში ერთი ჭანჭიკიც რომ გაწირო, შეიძლება, სისტემა ჩამოგეშალოს. გუნდის წევრები ამ სისტემის ჭანჭიკები არიან, სულ რომ ხალხი დახოცონ, არავის დაიჭერენ. ეს არის წმინდა წყლის მაფია, ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ხელმძღვანელობს მაფიოზური პრინციპებით.
ბიძინა ივანიშვილის პირადი კაპიტალი თანაზომადია საქართველოს ბიუჯეტთან – ეს არ არის გასაკვირი, მითუმეტეს, როდესაც შენ ოპოზიციაში გყავს ის პოლიტიკური ელიტა, რაც გყავს და ოპოზიციამ ვერ გამოკვეთა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ეს სისტემური პროტესტი აღიარებდა ლიდერად და უკან გაჰყვებოდა. სწორედ აქ გვაქვს ჩვენ პრობლემა. ეს პროტესტი არის მასობრივი და საყოველთაო, მაგრამ ამის კაპიტალიზაცია ლიდერმა უნდა მოახდინოს და ეს ლიდერი არ არსებობს. ამაზე დგას დღეს ბიძინა ივანიშვილი, ამით არსებობს, თავის ძლევამოსილებაზე კი არ დგას. სისტემაშიც მის უძლეველობაზე უკვე ეჭვი ეპარებათ. ბიძინას მთავარი კოზირი ახლა არის ოპოზიცია – ასეთი ოპოზიცია არის მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.