4 ოქტომბრის ეპიზოდი ხელისუფლების მხრიდან იყო პროვოცირებული – მის მიერ კონტროლირებადი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება საჭირო იყო, რადგან ეს საფუძვლად დასდებოდა საკონსტიტუციო სარჩელს – ხაბეიშვილმა, კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ამ სარჩელის მომზადების პროცესში მისი გეგმებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, რა პროცესიც დღეს ქვეყანაში მიდის, „სამართლის მიღმა პროცესია“.
„ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანაა, რომ ქვეყანაში ჩამოაყალიბოს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიული სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური ძალა, დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, რომლებიც დათანხმდებიან ძალაუფლების მუდმივობის თამაშის წესებზე. მოუზომავენ რაღაც ბოსტანს და იმ ბოსტნის ფარგლებში იმოძრავებ ისე, რომ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე პრეტენზია არ ექნებათ. ეს არის რუსული მოდელი, რომელიც მუშაობს კვაზ დემოკრატიულ ქვეყნებში და ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, ამ საქმეს ემსახურება. ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ თამაშის წესებზე არ თანხმდებიან, უნდა იქნან სახელდებული, ე.წ. არასისტემურ ოპოზიციად და ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაზე უნდა იყვნენ გადაყვანილები.
დღეს რა პროცესიც მიდის, ეს არის სამართლის მიღმა პროცესი. [რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბრალდებას], სრულად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული, რომლის ინსტრუმენტადაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, გამოყენებულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები. ყველას ჰქონდა თავისი როლი. ვიღაც იყო ჩანერგილი პროვოკატორი, ვიღაც სასარგებლო ბრიყვი და ა.შ. ზუსტად იმისთვის იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ეს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება საჭირო, რომ ეს მერე საფუძვლად დასდებოდა ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ ხაბეიშვილმა, არ ვამბობ, რომ ის „დავერბოვკებული“ პროვოკატორია, მაგრამ მან კლასიკური პროვოკატორის როლი შეასრულა. მერე ის პროცესს გაარიდეს. ის სასარგებლო ბრიყვი იყო ამ პროცესში თუ რა იყო, ეს ცალკე თემაა. ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ამ სარჩელის მომზადების პროცესში მისი გეგმებიდან გამომდინარე. ეს ჩემთვის სრულად აშკარაა. ამაზე გაბრაზდებიან, მაგრამ თუ ვინმეს თვალების დახუჭვა უნდა, ხუჭოს რამდენიც უნდა. ეს პოლიტიკის „ორჯერ ორი ოთხია“. უნდათ გაბრაზდნენ, უნდათ ცივი წყალი დალიონ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც, საკონსტიტუციო სარჩელი აღარ მოიაზრებს ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით მიმართვას, შეიძლება იყოს ის, რომ „შავ სიაში“ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პორტირებული მოხვდებოდა“.
„თავიდან უნდოდათ დაკავშირებული პირების „შავი სიის“ გაკეთება. ეს გადაიფიქრეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს „შავი სია“ რომ გაკეთებულიყო, მასში „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პორტირებული მოხვდებოდა. შეიძლებოდა საფრთხე შეჰქმნოდა „ქართულ ოცნებასაც“, მისი ლიკვიდაციისა და გაუქმების საკითხი შეიძლება დამდგარიყო დღის წესრიგში.
პაპუაშვილმა აღიარა, რომ ამოცანა მართლმსაჯულება და სახელმწიფო უსაფრთხოება კი არ არის, ამოცანა არის პარტიული, „ქართული ოცნების“ უსაფრთხოება, რომ ლეგალურ სივრცეში მარტო სუსტი ძალები უნდა იყვნენ და არა ძლიერები. ვფიქრობ, რომ „ლელოც“ აქ მოხვედრილია არა იმ სრული პაკეტით, რასაც სახელმწიფო გადატრიალება, მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაული ა.შ. ჰქვია. ეს ეხება უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ამ კრიტერიუმებში „ლელო“ ვერ ჯდება. „ლელო“ ჩასვეს აბსოლუტურად ბელეტრისტიკული კრიტერიუმებით. ეს არის გარკვეული ტაქტიკური სვლა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გარკვეულწილად სახე შეუნარჩუნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გათვლილია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ეს არის მათი ვირეშმაკული ტაქტიკა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, თითქოს ობიექტურმა მართლმსაჯულების ინსტიტუტმა, სარჩელი დააკმაყოფილოს ორი პარტიის შემთხვევაში და მესამეს შემთხვევაში არა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის მოსაზრებით, გახარიას პარტიის არ შეყვანა სარჩელში, მის „დისკრედიტაციას და ელექტორალურ დასუსტებას ემსახურება“. მისივე თქმით, გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის შორის შესაძლო გარიგება „ტყუილია, რადგან ბიძინა ივანიშვილი გახარიასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს“.
„გახარიას დატოვება ამ სიის მიღმა, ვინაიდან ის პარლამენტში შევიდა, ეს უფრო მეტად, მის დისკრედიტაციას ემსახურება. „ლელოსა“ და გახარიას შორის იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაზეც საუბარია, განსხვავების პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხელისუფლების გათვლაა, რომ მოხდება ამ პარტიის ელექტორალური დასუსტება. პარლამენტში ისინი უბრალოდ, „განტევების ვაცები“ და ფასადის შემქმნელი ოპოზიცია გახდებიან. გახარიას პარტიის არ ეშინიათ, იმიტომ, რომ მის ლიდერზე უმძიმესი ბრალდებებით შეკერილი საქმე აქვთ აღძრული.
ერთ-ერთი მოტივი, რატომ დაიწყეს ეს შეტევა და ამ სარჩელის ინიცირება, არის ის, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე, პარალელური პროცესი – ქონების, ბიზნესების გადანაწილება, შიდა გავლენის სფეროების გადანაწილება. ფულისა და ძალაუფლების ფლობაზე ექსკლუზივის მიღებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“. შესაბამისად, ამის გამო საზოგადოება ვერ ფოკუსირდება ძირითად პროცესზე. გადაფარვის ამოცანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ ყველაფერში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „პოლიტიკური შედეგის წონის მხრივ, ამ პროცესს უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკური ფასი, რასაც ხელისუფლება ამაში იხდის, ბევრად აღემატება იმ სარგებელს, რაც მათ ამ ე.წ. საკონსტიტუციო სარჩელის მხრივ შეიძლება მიიღონ“.
გარდა ამისა, ხუხაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის საპასუხოდ, სადაც მან აღნიშნა რომ „ახლა არის დრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა“. ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ისინი „ხალხის ნდობას არ დაიბრუნებენ“.
„დიდი ბოდიში, მაგრამ კიდევ გვაქვს ჩვენ ილუზია, რომ პარტიების გაერთიანება-არ გაერთიანებას რაიმე მნიშვნელობა აქვს?! მათ აქვთ ილუზია ან არ აქვთ და რატომღაც მუდმივად ამ მანკიერ წრეზე ტრიალებენ, რომ პარტიების გაერთიანებას რაიმე აზრი აქვს. ხალხის აზრს და კონსოლიდაციას აქვს აზრი. ძალაუფლების წყარო პარტიები კი არ არიან, რომლებიც ისეთივე არალეგიტიმურები არიან ამ საზოგადოებაში, როგორც ხელისუფლება. პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებაზე კი არ უნდა ზრუნავდნენ, ხალხის ნდობის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდნენ. ხალხის ნდობას რომ დაიბრუნებენ, მერე უნდათ ერთად დასხდნენ და რაც უნდათ ქნან. როგორც უნდათ ისე დასხდნენ, დაკვრას მაინც ვერ ისწავლიან. ხალხზე იფიქრონ!“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.



