კობახიძის გაძლიერება აბსურდია, ეს არის ერთგვარი გაძლიერების იმიტაცია – შეიძლება ბიძინამ გაათამაშოს მოდელი – „მოგენატრებათ ბიძინა“, ანუ, მოგვანატროს თავი, ამის შემდეგ შემობრუნდეს და „კობახიძის დესპოტიზმისგან გადაგვარჩინოს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა „გარკვეული ტაქტიკურ თამაში წამოიწყო და ძალაუფლებას არ თმობს“.
„ამ პროცესს ახასიათებს ერთგვარი სისტემურობა, ერთგვარი ლოგიკა. ეს ლოგიკა სრულად აშკარაა. დღემდე, ბიძინას დანიშნული ჰყავდა შიგა წრის ადამიანები, პირადი ნდობით აღჭურვილი ე.წ. ქართუს კადრები. ბიძინასთან ასოცირებული კადრები ნელ-ნელა სისტემიდან გადიან და კობახიძის გუნდის წევრები მოდიან. ვფიქრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ძალაუფლებას თმობს, როგორც ბევრი ამბობს. მან წამოიწყო გარკვეული ტაქტიკური თამაში. მოგეხსენებათ, ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა. შეიქმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა ამ ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების პროცესში. ყველა ატრიბუტი მზადაა, კანონმდებლობა, აგენტებთან დაკავშირებით იქნება, პარტიებთან თუ სხვა. ფაქტობრივად, ქვეყანაში უნდა ჩაბეტონდეს ერთმმართველობითი სისტემა თავისი პოლიტიკური, სამოქალაქო, ადამიანის უფლებების შეზღუდვებით. ეს უმწვავესი პროცესია და ბიძინას ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ უნდა. მას სამომავლოდ გარკვეული მანევრი სჭირდება, რადგან არც იცის, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ეს პროცესი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „ბიძინა ქმნის მოდელს, რომლითაც მთელი პასუხისმგებლობა უნდა, რომ კობახიძეს გადაულოცოს, პასუხისმგებლობის ტვირთი მას უნდა დააწვეს“.
„მეორე მიზეზი ისაა, რომ კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია ერთგვარი, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. ეს ნიჭი იმაში ვლინდება, რომ ამ პერიოდში მან ძალიან კარგად ისწავლა ე.წ. თავების მარხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც რაღაც შეცდომები ხდებოდა ხელისუფლებაში, ის ყოველთვის იშვერდა ხელს სხვისკენ; [ამბობდა] რომ მე არაფერ შუაში ვარ, აგერ ლილუაშვილს რაღაც შეეშალა, გომელაურს რაღაც შეეშალა, ღარიბაშვილს შეეშალა. ა.შ. პასუხისმგებლობა ისხლეტდა ყოველთვის, რითაც ფაქტობრივად, ბიძინას უბრუნებდა მისივე პრეტენზიებს. ახლა ამის კომფორტი აღარ ექნება.
კობახიძის გაძლიერება აბსურდია. ეს არის ერთგვარი გაძლიერების იმიტაცია. ბიძინა მას თავისუფლების ილუზიას უქმნის. დარწმუნებული ვარ ის ეუბნება, რომ „მოდი შენ“. პასუხისმგებლობას მთლიანად ტენის.
ბიძინას რამდენიმე მიზანი აქვს. დღეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც კი უკვე გაჩნდა გარკვეული ნოსტალგია ბიძინაზე. კი, ბიძინაზე ყველა გაბრაზებულია, მაგრამ ბევრად უფრო ცუდი მოლოდინები აქვთ კობახიძეზე. კობახიძე ბევრად უფრო სადისტურად გამოიყურება. შეიძლება ბიძინამ გაათამაშოს მოდელი – „მოგენატრებათ ბიძინა“. ანუ, მოგვანატროს თავი, ამის შემდეგ შემობრუნდე და კობახიძის დესპოტიზმისგან გადაგვარჩინოს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
როგორც ხუხაშვილმა ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს „დასავლეთთან მოლაპარაკებების გახსნის გარკვეული პლატფორმა ექნება“.
„გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკურ განზომილებაში კიდევ ორი ამოცანაა. საბელის დაგრძელებით, ის [ბიძინა] გარკვეულ მანევრს იღებს დასავლეთთან პირადი საუბრების დაწყებისთვის. კობახიძე რომ გაიჯეჯილებს და დასავლეთი ძალიან რომ გაბრაზდება, ვის უნდა მიმართონ კობახიძის დასაოკებლად? ისევ ბიძინას. ბიძინას ექნება გარკვეული პლატფორმა იმისა, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები გახსნას.
მეორე არის რუსეთი. რუსეთისთვის კობახიძე, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ბიძინა. რუსეთის გაგებით, რუსული ოკუპაციის გაგებით, ბიძინა ძვირი ჯდება; ბიძინა თავად მოთამაშეა, მას თავისი ამბიციები აქვს. შეიძლება ლოიალურია რუსეთის მიმართ, მაგრამ შეიძლება თავისი რაღაცები გამოაგდოს. საბოლოოდ, ძვირი ჯდება და კობახიძე ორ შაურად ჰყავთ რუსებს ნაყიდი“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილმა ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკისა და „ქართული ოცნების“ დატოვებაზეც. მისი თქმით, „ერთადერთი, რაც ღარიბაშვილს აწუხებს ისაა, რომ არ დაიჭირონ“.
„იქ [„ქართულ ოცნებაში“] ცოცხალი ადამიანი არავინ არ არის, ბიძინას გარდა. სისტემა ერთგვარი დენდრო პარკია. ბიძინასთვის იქ სულიერი არსებები არ არსებობენ. ემოციები აქვს, მაგრამ.. ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ პერიოდში გასასვლელს, კარებს ეძებს. სისტემიდან გასვლა ასე ადვილი არ არის, აქ უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა საკითხი დგება. მტკივნეულია ეს პროცესი, მეტი არაფერი არ ხდება. მისი გაბრაზება ვის აინტერესებს?! ცივი წყალი დალიოს. ღარიბაშვილი რაც არ უნდა გაბრაზდეს, რა უნდა ქნას? ერთადერთი უნდა ილოცოს, რომ არ დაიჭირონ. მეტი რა უნდა მოხდეს? ვინმეს აქვს ილუზია, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება გახდეს? იქ ვერავინ ვერ გახდება ბიძინასგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“ ლიდერი ბიძინას ივანიშვილის გარდა, დანარჩენი ყველაფერი არის რუხი მასა. ღარიბაშვილს რა მოსწონდა და რა არა, ეს არავისთვის საინტერესო არ არის. მას ერთადერთი, რაც აწუხებს ისაა, რომ არ დაიჭირონ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, ხუხაშვილმა ისაუბრა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზეც. მისი შეფასებით „ჭორია“, რომ „ქართული ოცნება“ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
„ქართული ოცნება“ რა ფორმაშია საინტერესო არ არის. აქ უფრო საინტერესოა, არის თუ არა ოპოზიცია ისეთ ფორმაში, რითაც შეუძლია ასეთი გაუგებარი პოლიტიკური სისტემის რყევა. აქ გვაქვს ჩვენ პრობლემა. დღეს ამ ქვეყნის პრობლემა იმდენად ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური სისტემა კი არ არის, არამედ ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს უნარი, შექმნას რეალური პოლიტიკური ალტერნატივა. ივანიშვილის მთავარი კოზირი დღეს ოპოზიციაა“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „კარგია ოპტიმისტური განცხადებები, მაგრამ ლოგიკურ საფუძველს ამ ოპტიმისტური განცხადების უკან, ვერ ვხედავ“.
„ვინ აიძულებს „ოცნებას“ არჩევნების დანიშვნას? ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური კლასი, რომელიც ერთმანეთთან კინკლაობაში ატარებს დღეს და ღამეს? რომ ამბობენ, მოდი ახლა ფიცი დავდოთ, რომ ამას ვიზამთ და იმას არა… ამ აბსურდული თამაშებით არიან გართულები. არჩევნები რომ დაინიშნოს ოქტომბერში, ოპოზიცია ვერაფერ შედეგს ვერ დადებს. შედეგს დადებს ივანიშვილის მიუღებლობა“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
