გია ხუხაშვილი – თორნიკე რიჟვაძის წერილი არის საბრალდებო დასკვნა ხელისუფლებისთვის – ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას

თორნიკე რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის თორნიკე რიჟვაძის წერილი საბრალდებო დასკვნაა.
“თორნიკე რიჟვაძის წერილი არის საბრალდებო დასკვნა ხელისუფლებისთვის. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ბრალს სდებს ნარკობიზნესში ყოფნის გამო, კორუფციული გარიგებების გამო და ხელისუფლება რა ფორმით აკეთებდა ამას, ხელსუფლება იცნობს ერთადერთ ფორმას – ბრალის წაყენებასა და გასამართლებას და თუ ეს ხდება არაფორმალურად, ეს უკვე არის კრიმინალური გარჩევა და მეტი არაფერი. ფაქტობრივად, რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტმა თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა და ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება ერთმანეთს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ორივეს მიმართ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, რაც, მისი აზრით, დიდ ფულს უნდა უკავშირდებოდეს.
“ჩემი ვერსია არის ძალიან მარტივი – ამათ, ყველას, გარკვეულ წრეს ფულს სთხოვენ, თუ არა და პრობლემები ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ გიორგი რამიშვილის საქმეც ამ სისტემური, შიდა შეტევის ნაწილია იმიტომ, რომ აეროპორტში გიორგი რამიშვილის იარაღის უკანონო ტარების საქმეზე დაპატიმრება ძალიან აბსურდული თემაა. ბუნებრივია, ის არ ილაპარაკებს და არ იტყვის, რომ ჩაუდეს. მე ვფიქრობ, რომ ის, უბრალოდ, საზღვარზე არ გაუშვეს და აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც ამ “სალაროს შევსების” კომბინაციის ნაწილი გახდა პირდაპირ ან ირიბად. შეიძლება, თვითონ არ არის ამ საქმის ფიგურანტი, მაგრამ მისი წრიდან ვიღაცაზე მიმდინარეობს შეტევა და ის მოჰყვა ამ საქმეში”, – განაცხადა ხუხაშვილმა.