თავიდანვე ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ, როგორც ტერორისტები აკეთებენ, მძევლები აჰყავთ და შემდეგ ამ მძევლებს რაღაცაში ცვლიან ან უბრალოდ ყიდიან, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.
როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ იციან, ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს და ვითარებას, როდესაც ეს იქნება შესაძლებელი.
„თავიდანვე, როცა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და 500-მდე პირი იქნა აყვანილი, ჩანაფიქრი იყო მარტივი, ერთი, საზოგადოების დაშინება, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოსულიყო და მეორე, რომ ამ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ. როგორც ტერორისტები აკეთებენ, მძევლები აჰყავთ და შემდეგ ამ მძევლებს რაღაცაში ცვლიან ან უბრალოდ ყიდიან და ფულს იღებენ. ეს ტექნოლოგიაა ახლაც. პირველი ამოცანა ვერ შესრულდა იმიტომ, რომ ამით ვერავინ ვერ შეაშინეს და ახლა უნდათ, რომ გაყიდონ. იმისათვის, რომ გაყიდონ ამ ადამიანების თავისუფლება, ვიღაც უნდა დაელაპარაკოს და შევიდეს ვაჭრობაში, მაგრამ ჯერჯერობით ამის სივრცეს ვერ ხედავს. არ იციან ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს და ვითარებას, როდესაც ეს იქნება შესაძლებელი. ეს ხალხი ან ქვეყნის შიგნით უნდა მიყიდონ ქართულ საზოგადოებას რაღაცის ფასად, ან უნდა მიყიდოს დასავლეთს რაღაცის ფასად, თუმცა ჩემი აზრით, ეს მატარებელი უკვე წასულია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილმა გადაცემაში „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მათთან დაახლოებული პირების დასანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასანქცირებულთა სიაში პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფნა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ის „ოქროს მოწმეა სასანქციო სიასთან დაკავშირებით“.
„არ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ არის სიაში ღარიბაშვილი? რის გამოც ეს ადამიანები დაასანქცირეს, ბიძინას [ივანიშვილის] შემდეგ ყველაზე ღრმად ამ საქმეში ჩაფლული იყო ღარიბაშვილი. ღარიბაშვილზე მეტი არავინ არ იცის სისტემაში. საერთოდ ამერიკული სანქციები შიშველ ქვაზე არ შენდება, დოკუმენტური საფუძველია საჭირო, მტკიცებულებები მთელი კასკადი ედება ამას, ეს არ არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, აშშ სამართლებრივი სახელმწიფოა. გასაგებია, რომ ოქროს მოწმეები არსებობენ სასანქციო სიასთან დაკავშირებით და გამორიცხავთ, რომ ღარიბაშვილი იყოს ერთ-ერთი მათგანი? პირდაპირ გეტყვით, მე ვერ გამოვრიცხავ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.