მან [მიხეილ ყაველაშვილმა] იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე დაკავებული ადამიანების მხრიდან სინანულზე, რასაც შეწყალება უნდა მოჰყვებოდეს, საუბარი არ არის.
„ამ პროცესების დროს ექსტრემისტული გამოვლინებების პროცესში დაკავებული ადამიანების შეწყალებაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთეს რადიკალური ოპოზიციის ე.წ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ არავითარი შეწყალება არ არის მისაღები, რადგან ადამიანები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან, დანაშაულში მხილებული არიან იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ისინი არ აღიარებენ. სინანულზე, რასაც შეწყალება უნდა მოჰყვებოდეს, არ არის საუბარი. განცხადება იყო, რომ არანაირ შეწყალებას არ მიიღებს არავინ მაშინ, როდესაც ბრძოლის პროცესი გრძელდება. ეს პასუხია ყველაფერზე, რაც ჟურნალისტებს და საზოგადოებას დღეს აინტერესებს. გარდა იმისა, რომ სინანულის განცდა არ აქვთ ადამიანებს, არსებობს კიდევ ერთი სერიოზული ფანდი პოლიტიკური ჯგუფების და რევოლუციური კომიტეტების მხრიდან, რომელიც ეხება პროპაგანდას, ისე წარმოაჩინოს გარემოება, რომ ადამიანებს იმის გარდა რომ ევროპული კურსის გაგრძელებას ითხოვენ, ამ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ. ეს ერთი მხრივ, ღია კარის მტვრევას ნიშნავს და მეორე მხრივ, არის წმინდა წყლის სპეკულაცია და თავის მართლება სასჯელის მოხდის პროცესში მყოფი ადამიანებისაგან. თავს იმართლებენ – ეუბნებიან, რომ თქვენი ბრძოლა მართალია, ევროპისთვის იბრძვით და ციხეში უნდა იჯდეთო. ანუ, ამ ადამიანების მიერ დანაშაულის ჩადენას, კანონთან დაპირისპირებას და მათ განსასჯელის სკამზე მოხვედრად ორგანიზებას უკეთებენ, შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში გადასვლას და ახლა თავად აქეთ გიყენებენ პრეტენზიებს გაუგებარი მიზეზებით.
პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები. მან იცის პოზიცია ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.




