პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის - საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა, თითქოს, 4 ოქტომბრის აქცია მშვიდობიანი იქნება.
„ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძის თემა გახდა აქტუალური, ვინაიდან მან გადაწყვიტა რაღაც წარმოუდგენელი, ფანტასმაგორიული სცენარებით გაიტანოს თავი და შეინარჩუნოს პოპულარობა ამ ოპოზიციურ მოძრაობაში. მე ვიტყოდი, რომ თვითონ, თავისი სხეულით, ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის. საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან გამომდინარე, “ნაცმოძრაობას” სხვა არაფერი დარჩა თუ არა გამოვიდეს ღიად, გახსნას კარტი და პირდაპირ თქვას ის, რაზეც დიდი ხანია უარს ამბობდა. “სისხლი უნდა დაიღვაროს” იყო მათი აზრი და ეს აზრი უკვე ხმოვანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა პაატას, რომ ეს იქნება მშვიდობიანი [აქცია] და არაფერი არ მოხდება. ამის დასადასტურებლად რაღაც წარმოუდგენელ სულელურ კომენტარებს აკეთებს მედიის საშუალებით. “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი გეგმა ჰქონდა და აქვს. ეს გეგმა უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ანუ, ისეთი ხელისუფლების დაბრუნებას, რომელიც ყველაფერზე წავა,” – განაცხადა ვოლსკიმ.
