მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს – შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდების მხრიდან „ვიხილეთ გინება, ადამიანების წყევლა, რაც არა ემოციური გამოვლინება, არამედ განზრახ დაგეგმილი ქმედებაა“.
ვოლსკის განცხადებით, „აბსოლუტური უცოდინარობა და ათ-სართულიანი გინების ცოდნა არის განზრახ დაგეგმილი ბოროტება საქართველოს წინააღმდეგ“.
„ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა წესად შემოიღეს, რომ უნდა აგინო ადამიანს, დაწყევლო, უნდა უთხრა, რომ იგი მალე მოკვდება, უკიდურესი მძიმე სიტყვები უნდა გამოიყენო. მით უმეტეს, გოგონები არიან სპეციალურად ამისთვის ორგანიზებული და არავინ არაფერი პასუხი არ უნდა გასცეს. ასეთ ვითარებაში ადამიანი შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და პასუხი გასცეს და ამას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, ეს არის განზრახ დაგეგმილი ქმედებები, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ შექმნან ატმოსფერო, სადაც ფასეულობა აღარ არსებობს, არც ტრადიცია, არც გულწრფელობა. აბსოლუტური უცოდინარობა და ათ-სართულიანი გინების ცოდნა არის განზრახ დაგეგმილი ბოროტება საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვიხილეთ გუშინ.
მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და ასეთი ინტენსიური ბულინგით, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, შენი ოჯახის წევრებს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს. შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს. რასაკვირველია, თავი უნდა შეიკავოს ბექამაც, მეც, ყველამ, მაგრამ ხანდახან ეს რთულია,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც “ქართული ოცნების” წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.
