გვყავს მტრები, რომლებიც საქართველოს ნგრევას უქადიან და ამ მტრებს მხარს შიდა მტრები უჭერენ, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებიან – მიზანს, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ის ფრთა, რომელიც ბრიუსელშია, მუდმივად საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგია.”
“რასა იუკნევიჩიენე და სხვა ბალტიისპირელი დეპუტატები საქართველოს მიმართ უსაშველო აგრესიით გამოირჩევიან და აცხადებენ კიდეც მიზეზს, რომ საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში დანთებულმა ცეცხლმა მნიშვნელოვანწილად უნდა მოახდინოს გავლენა რუსეთის აგრესიის სულ მცირე დივერსიფიცირებაზე. ასევე, ამ მიმართულებით ევროპის აგრესიის გავრცელების პრევენცია მოახდინოს თუკი რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ძალების გამოყენების აუცილებლობა დადგება. ეს იყო მთავარი ფორმულა, რომელიც გავიგონეთ არაერთი ტრიბუნიდან. “ნაციონალური მოძრაობის” ეს ფრთა, რომელიც ბრიუსელშია, მუდმივად საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგია. მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას ეროვნულ პოზიციაზე და ქვეყანაში სტაბილურობას იცავს.
რასა იუკნევიჩიენემ და მისმა მხარდამჭერებმა მოიგონეს ფორმულა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანი რომ ცეცხლს ანთებს პარლამენტში და ქუჩაში ან ფიზიკური ძალით ცდილობს ხელისუფლება დაამხოს – ევროპული ინტერესების დამცველები არიან; კანონმა მათზე თუ იმოქმედა – დემოკრატიიდან უკან დახევას ნიშნავს და ა.შ. როცა შინაარსს აკვირდები როგორ გველაპარაკებიან, ურცხვად იტყუებიან და საზოგადოებას შეცდომაში შეყვანას უპირებენ, დასკვნა ერთია – გვყავს მტრები, რომლებიც საქართველოს ნგრევას უქადიან და ამ მტრებს მხარს შიდა მტრები უჭერენ, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებიან – მიზანს, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ შეაფასა განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტში კეთდება და აღნიშნა, რომ “ყველა სიტყვა, რომელიც იქ ითქმება, კონკრეტულ მიზანს ემსახურება – ეს მიზანი კი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება”.
“მთავარი თემა რუსეთია. ომი მიმდინარეობს და უნდათ, რომ საქართველო ომში გმირულად დაეცეს და როგორმე შეღავათი მისცეს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამ ომის დასრულება არ სურთ. საქართველოს ნგრევა მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი გონზე მყოფი ადამიანი ადვილად დაინახავდა, რომ 2012 წლიდან რუსეთის მხრიდან არ გაკეთებულა საქართველოს ხელისუფლებისადმი რაიმე რევერანსი – პირიქით, უამრავი აგრესიული ქმედება ვიხილეთ. ასევე, არც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯი იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რეალიზებული ყოფილიყო სამხრეთ კავკასიაში. არ გადადგმულა ნაბიჯი, რომ ამ გაუგებარი პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანებს რაიმე ასეთი ეთქვათ ობიექტურად საქართველოსთან მიმართებაში.
მიზანი არის ბნელი და საქართველოს იმ მომავალს უქადიან, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს არ შეესაბამება. ყველა სიტყვა, რომელიც იქ ითქმება, კონკრეტულ მიზანს ემსახურება – ეს მიზანი კი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.




