პროევროპულ აქციაზე, “გზის გადაკეტვის” საბაბით პატიმრობა ემუქრება კიდევ ერთ მოქალაქეს, პედაგოგ სოფიო როინიშვილს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, იმავე საფუძვლით, როინიშვილი ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად – 24-დან 28 იანვრამდე პერიოდი გურჯაანის იზოლატორში გაატარა.
“ქართული ოცნების” დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მეორედ დარღვევამ უნდა გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, როინიშვილისთვის შედგენილი ახალი სამართალდარღვევის ოქმი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და დაუბრუნა შსს-ის. ჩნდება მოლოდინი, რომ შსს დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.
როინიშვილი ამბობს, რომ არ იცის ზუსტად რომელი დღეს ედავება შსს გზის გადაკეტვას მეორედ. თუმცა, ვარაუდობს, რომ საუბარია 7 თებერვლის შაბათის მარშზე.
“გუშინ დამირეკა კურიერმა. წერილი მიუტანიათ ქუთაისში – სადაც ვარ რეგისტრირებული. ვთხოვე, რომ უკან დაებრუნებინათ ფოსტაში. ადვოკატმა მიაკითხა დღეს და გადმომიგზავნა. 9 თებერვალს გადასცა შსს-მ საქმე სასამართლოს. იქ არ არის დაკონკრეტებული რომელ რიცხვს მედავებიან, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ეს უნდა იყოს 7 თებერვალი, როდესაც მარშის დროს გზა გადავკეტეთ. მერე ჩვენ ერევანში ვიყავით, ქალები პროტესტSHE. 9 თებერვალს იქ ვიყავით, ვერ გადავკეტავდი უბრალოდ. რადგან სასამართლომ დაუბრუნა უკან [შსს-ს], ახლა, თავისთავად, სისხლით მიწევს გასამართლება. მე ვიყავი უკვე ადმინისტრაციულად დაპატიმრებული 4 დღით. დღესაც გავალ [აქციაზე] და თუ იქნება საკმარისი ხალხი, გზასაც გადავკეტავთ. არ ვაპირებ უკან დახევას”, – უთხრა ნეტგაზეთს სოფიო როინიშვილმა.
სოფიო როინიშვილი მუსიკოსია – ქორმაისტერი. 5 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სკოლებში პედაგოგად. თუმცა, ამბობს, რომ გასულ პოლს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან. სკოლის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ქუთაისში, სასამართლოს შენობასთან გაისროლა ფეიერვერკი იმ კანონის გასაპროტესტებლად, რომლითაც “ქართულმა ოცნებამ” აქციაზე ფეიერვერკის გამოყენება აკრძალა.
ამავე თემაზე:
· მოქალაქეები წერენ, რომ სასამართლოში დაიბარეს შაბათის მარშზე “გზის გადაკეტვის” საფუძვლით




