2025 წლიდან, გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. იანვრიდან ძალაში შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას “M2“, “M3“, “N1“, “N2“, “N3“, “O3“, “O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.
შემოწმდება შემდეგი საკითხები: – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; საკონტროლო მოწყობილობის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.
გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.