„გვიწევს გადაწყობა დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც ძალიან ბევრ სასტუმროს პრობლემას უქმნის“ – გიდი

„რაოდენობრივად საკმაოდ ბევრნი არიან აზიელი ტურისტები, მაგრამ მათი საშუალო დანახარჯები ბევრად ნაკლებია“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო წლების განმავლობაში ავითარებდა ტურისტულ სერვისებს, რომელიც მორგებული იყო დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. ამჟამად სეგმენტურად მდგომარეობა შეიცვალა და გაცილებით მეტი აზიელი შემოდის ქვეყანაში, ვიდრე ევროპელი.
„ძალიან ბევრ სასტუმროს, იმისთვის, რომ გადარჩეს და იმუშაოს, ფასები დაწეული აქვს ისტორიულ მინიმუმზე. გარდა გიდებისა და ტურისტული კომპანიებისა, ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა გასტრონომიულ და ღვინის სექტორს, რადგან ბაზრის გადაწყობა აზიაზე არის სპეციფიკური. კარგად მოგეხსენებათ, რომ მათი გემური თვისებები სულ სხვაა, სხვა რამეს ითხოვენ, ქართულ ტრადიციულ საკვებს ნაკლებად, ხოლო ღვინოს თითქმის არა, ან ძალიან ცოტას მიირთმევენ. შესაძლოა, თბილისსა და ბათუმს ძალიან არ შეეტყოს, მაგრამ რეგიონებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც გასტრონომიითა და ღვინით იყვნენ ლიდერები (კახეთი, იმერეთი, ქართლი), აქვთ ძალიან დიდი პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ გააკეთა რადიკალური ცვლილება. იმას, რასაც ვაშენებდით ამდენი წელი, იცვლება – მეღვინე, რომელიც იქამდე წიწილასა და მჭადს ახვედრებს სტუმარს, „ჰალალ ფუდს“ ვერ გააკეთებს“, – ამბობს გიდი.
გიორგიძე აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორს დაბალმხარჯველ ტურისტებზე უწევს გადაწყობა, რაც დარგის სხვადასხვა მიმართულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ, ერთ-ერთი ტურისტული კომპანია 5-დღიან ტურებს აზიელ ტურისტებს უკეთებს 300 დოლარში. შესაძლოა, ჩარტერია, ავიაკომპანიას რაღაც თანხა რჩება, რაოდენობრივად შემოდის ხალხი, მაგრამ არ არის შემოსავლები. სასტუმროში აღნიშნავენ, რომ სტუმრები, განსაკუთრებით აზიიდან, მინიმალურად იკვებებიან – ნაწილს სადილი 30-35 ლარში აქვთ, ეს ძალიან მინიმალურია, მაგრამ ნაწილი თანხმდება, რომ რაღაც შემოსავალი ჰქონდეთ. აზიიდან არიან მაღალმხარჯველი ტურისტებიც, მაგრამ მათი წილი არის მცირე. საბოლოო ჯამში, რაოდენობრივად საკმაოდ ბევრნი არიან აზიელი ტურისტები, მაგრამ მათი საშუალო დანახარჯები ბევრად ნაკლებია. განვავითარეთ სერვისები, ახლა კი გვიწევს გადაწყობა დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც ძალიან ბევრ სასტუმროს პრობლემას უქმნის. თავისი გაზქურითაც კი მოდიან – არ ვიცი ეს რა ტურიზმია”, – განაცხადა ალექსანდრე გიორგიძე.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან ტურისტების რაოდენობა 2024 წელს წლიურად 34%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს საქართველოს აღნიშნული რეგიონიდან 122 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, 2023 წელს კი 68 ათასზე მეტი. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შემთხვევაში ჩინეთიდან დაფიქსირდა. კერძოდ, ჩინეთიდან ტურისტების ზრდამ 83% შეადგინა. თუ 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში 48 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა, 2024 წელს ვიზიტებმა 88 ათასს გადააჭარბა.