„გვინდა, რომ „ქართული ვაზის ფონდის“ ვენახს და მარანს ტურისტული ფუნქცია მივცეთ“ – ალეკო ცქიტიშვილი

„ქართულის ვაზის ფონდის“ ისტორია 2010 წლიდან იწყება, როცა ბაკურციხეში საოჯახო მარნის „ჭორტაულის ვენახების” მეღვინემ, ალეკო ცქიტიშვილმა და მისმა ღვინის ენთუზიასტმა მეგობრებმა 1 ჰექტარზე 10 იშვიათი ვაზის ჯიში გააშენეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, ალეკო ცქიტიშვილი იხსენებს, პირველი ღვინოები 2015 წელს დააყენეს და „ქართულის ვაზის ფონდმა“ და იმ ვენახმა დიდი როლი ითამაშა იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციაში. ამ გამოცდილების საფუძველზე გააშენა მოგვიანებით ალეკო ცქიტიშვილმა საკუთარი ვენახები ბაკურციხეში და ამჟამად „ჭორტაულის ვენახების“ ღვინოს აწარმოებს.
„ნატურალური „მცვივანი კახური“ ბაზარზე ჩვენ გამოვიტანეთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და „ქართული ვაზის ფონდის“ დამსახურებაა, რომ „მცვივანი კახური“ ახლა უკვე სხვა მარნების ყურადღების ქვეშაა. ასევე ღვინის თეთრი უიშვიათესი ჯიშია, ახლაც კი რამდენიმე მარანს აქვს გაშენებული. ასევე ბუდეშურისებრი საფერავის და ვარდისფერი რქაწითლის ღვინოების წარმოებაშიც ერთ-ერთ პირველები ვიყავით“, – იხსენებს ალეკო ცქიტიშვილი.
რაც შეეხება „ქართული ვაზის ფონდის“ ვენახს, სადაც 10 იშვიათი ჯიშის ყურძენი გაშენდა, ამ ვენახის შექმნის იდეა სოლიკო ცაიშვილს ეკუთვნის. როგორც ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, ის საქართველოში ქვევრის ღვინის ერთ-ერთ ამღორძინებლად და ნატურალური ღვინის პიონერად ითვლება.
„სოლიკო ცაიშვილმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ბაკურციხეში თავისი მარანი, შემოგვთავაზა, რომ ბაკურციხეში გაგვეშენებინა იშვიათი ვაზის ჯიშებს ვენახი, შემდეგ ყურძნისგან დაგვეყენებინა ღვინოები და შეგვეთავაზებინა ღვინის მოყვარულებისთვის. ეს იყო 2009 წელს და 2010 წელს უკვე გავაშენეთ 1 ჰექტარზე ვენახი, სადაც ვაზის 10 ჯიში დავრგეთ: ხიხვი, ქისი, მცვივანი კახური, ბუერა, ღვინის თეთრი, მწვანე კახური, ბუდეშურისებრი საფერავი, რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი და საფერავი.
ეს ჯიშები 2010 წელს ძალიან იშვიათი იყო მეღვინეობაში, ხიხვი და ქისი რამდენიმე მარანს ჰქონდა მხოლოდ, მცვივანი კახური საერთოდ არავის ჰქონდა და ეს ჯიში ჩვენ გავაშენეთ“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ეს იშვიათი ვაზის ჯიშები მას და მის მეგობრებს, რომლებიც „ღვინის კლუბს“ წარმოადგენდნენ ჯიღაურას მეურნეობამ გადასცა.
„ნერგები გადმოგვცა ჯიღაურას მეურნეობამ. ეს არის ს ძალიან კარგი ინიციატივა, ამას ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე. საგურამოში, სოფელ ჯიღაურაში, მისი და „ქართუ ფონდის“ დახმარებით გაშენდა ქართლი ვაზის ჯიშების საკოლექციო ვენახი, რომელმაც გადაარჩინა განადგურებას ქართული ვაზის ჯიშები. მაშინ ამ ნერგების გადაცემა არა მომგებიანი ორგანიზაციებისთვის შეიძლებოდა და „ღვინის კლუბის“ დახმარებით შევძელით, რომ 1 ჰექტარზე ჩამოთვლილი ჯიშები გაგვეშენებინა. სოლიკო ცაიშვილი ითვლება საქართველოში ქვევრის ღვინის ერთ-ერთ ამღორძინებლად და ნატურალური ღვინის პიონერად, სწორედ მისი იდეა იყო რომ საქართველოში ქვევრის ღვინის და ნატურალური მეღვინეობის დარგები განვითარებულიყო. და სწორედ ის იყო ჩვენი პარტნიორი, გყავდა კიდევ რამდენიმე ცნობილი ნატურალისტი მეღვინე, მაგალითად – რამაზ ნიკოლაძე, „ღვინის კლუბის“ ხელმძღვანელი მალხაზ ხარბედია და სხვა ენთუზიასტები, დაახლოებით 15-ამდე ვიყავით. ახლა ამ საქმეს შემოვრჩით 12 ადამიანი“, – იხსენებს ალეკო ცქიტიშვილი.
რაკი ღვინის კლუბს უფრო საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა, შემდეგ „ქართული ვაზის ფონდი“ დააარსეს და აღნიშნული ვენახი ამ ფონდის მმართველობაში გადავიდა.
„2015 წლიდან, როცა ვენახი შევიდა მსხმოიარობის ასაკში, დავიწყეთ ამ ღვინოების ჩამოსხმა. შეიძლება ითქვას, რომ ნატურალური მცვივანი კახური ბაზარზე ჩვენ გამოვიტანეთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენი ქართული ვაზის ფონდის დამსახურებაა, რომ მცვივანი კახური ახლა სხვა მარნების ყურადღების ქვეშაა. ასევე ღვინის თეთრი უიშვიათესი ჯიშია, ახლაც კი რამდენიმე მარანს აქვს გაშენებული. ასევე ბუდეშურისებრი საფერავისგან, ვარდისფერი რქაწითლის ღვინოების წარმოებაშიც ერთ-ერთ პირველები ვიყავით“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
პანდემიის პერიოდში იშვიათი ჯიშების ვენახი გამოწვევების წინაშე დადგა, ჯერ სოლიკო ცაიშვილი გარდაიცვალა, შემდეგ კი პანდემიის პერიოდში საყოველთაო ჩაკეტვის ფონზე მოძრაობა, ღვინის გაყიდვები შეჩერდა, შემოსავალმა იკლო და ვენახის შენახვა გაუჭირდათ. ამიტომ ვენახის გაყიდვა გადაწყვიტეს და მხოლოდ მარანი და ვენახის მცირე ნაწილი დაიტოვეს, რომლისთვისაც სამომავლოდ ტურისტული ფუნქციის მიცემა სურთ.
„სამწუხაროდ ის მოხდა, რომ განსაკუთრებით პანდემიის დროს ვენახს დაემუქრა საფრთხე, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ვენახი გაგვეყიდა და დაგვეტოვებინა მხოლოდ მარანი. პანდემიის დროს ძალიან რთული იყო მოძრაობა, ღვინის გაყიდვები ფაქტობრივად შეჩერდა, შემოსავლებმა იკლო, რომ ვენახისთვის მოგვეარა. ეს ვენახი შეიძინა მეღვინეობა „ჩვენმა ღვინომ“. ეს არის სწორედ სოლიკო ცაიშვილის მიერ დაფუძნებული მარანი ბაკურციხეში. ქართული ვაზის ფონდი არსებობს, ღვინოები ჯერ კიდევ ბაზარზე იყიდება და ჩვენი მიზანია ამ იშვიათი ყურძნის ჯიშები პოპულარიზაცია. დაგვრჩა კიდევ მარნის გვერდით ვენახი, სადაც ვარდისფერი რქაწითელი და ქართლის ჯიში – მუხამწვანე არის გაშენებული და ამ ვენახს ვუვლით. გვინდა, რომ „ქართული ვაზის ფონდის“ ვენახს და მარანს ტურისტული ფუნქცია მივცეთ“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ