გვიან ღამით, ზუგდიდის მერიის წინ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს ­შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა მოძრაობა „ახალის“ წევრი მაია კალანდია და პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მაია კალანდია სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა ფოთში.
ადვოკატის, კესო ჩახაიას ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
„დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობენ. მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვინაიდან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. შესაბამისად, გამოიძახეს სასწრაფო და გაეწია დახმარება. ერთ-ერთი დაკავებული მარიამ სიჭინავა ამბობდა, რომ პოლიციისთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაია კალანდია ამბობდა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება. ორივეს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. საუბრობენ, რომ იყო გარკვეული დარღვევები. მაგალითად, მათთვის არ განუმარტავთ უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლება“, – განაცხადა კესო ჩახაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

როლანდ პრაისი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს