კომპანია „ლეგო თრეიდი“, რომელიც დაახლოებით ორი წელია რაც ბაზარზე ბეტონის ტექნიკის გაქირავების მიმართულებით პოზიციონირებს, განვითარებას აგრძელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით არაერთი წარმატებული პარტნიორობა უკვე შედგა და მათ სერვისზე მოთხოვნა მზარდია.
კომპანიის საქმიანობასა და გეგმებზე “ლეგო თრეიდის” კომერციულმა დირექტორმა ნანა გეგეჭკორმა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, „ლეგო თრეიდი“ მომხმარებლებს მძიმე ტექნიკის დიდ არჩევანს სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკი სხვადასხვა წვდომის 10 ავტო ტუმბოს აერთიანებს.
„ამ ეტაპზე ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც აქვს ასეთი ტექნიკური რესურსი და მზად ვართ სრული დატვირთვით მუშაობისთვის. “ლეგო თრეიდი” მუდმივად ორიენტირებულია საკუთარი დამკვეთებისა და პარტნიორების ინტერესებზე. უკვე ორი წელია, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობთ. სეგმენტი შეზღუდული არ გვაქვს. ძირითად დამკვეთებს წარმოადგენენ ბეტონის მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიები და ფიზიკური პირები – ყველა, ვისაც სჭირდება ჩვენი ტექნიკის მომსახურება სამშენებლო ობიექტზე.
ჩვენი უპირატესობა გამოიხატება ჩვენს ავტოპარკსა და ტექნიკურ რესურსში. ორი წლის განმავლობაში უკვე შევძელით, რომ დაბალანსებული ვართ 10 ერთეული ტექნიკით. გვაქვს სხვადასხვა წვდომები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში. მოვიცავთ 49 მეტრიან, 56 მეტრიან, ხუთ ერთეულ 62-იან და სამ ერთეულ 70 მეტრიან ავტო ტუმბოებს. აღსანიშნავია, რომ ინოვაციურია ჩვენთვის 70 მეტრიანი ავტო ტუმბოები. ვართ პირველი ქვეყანაში, რომელმაც ამ წვდომის ავტოტუმბოები შემოიტანა. ეს გათვლილი იყო ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე, 12-ე სართულის შემდგომ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ტექნიკის ჩართულობა რომ აღარ დასჭირვებოდათ და მაქსიმალურად დაეზოგათ დრო. შესაბამისად, დამკვეთებს მაქსიმალურ მოქნილობას ვთავაზობთ, არ უწევთ ლოდინი, 5 სამუშაო დღეში უკვე შეგვიძლია მარტივად გავყვეთ მათ გრაფიკებს და შეუფერხებლად ვაწარმოოთ მათი სამუშაო პროცესები სამშენებლო მოედნებზე“,- ამბობს ნანა გეგეჭკორი.
მისივე თქმით, კომპანიისთვის პრობლემას არც რთული რელიეფის პირობებში მუშაობა წარმოადგენს.
„გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არის ისეთი ობიექტები, სადაც შედარებით რთული რელიეფია ან ტექნიკის განთავსების თვალსაზრისით არის კითხვის ნიშნები, გვყავს კადრები, რომლებიც ამ ნაწილს უზრუნველყოფენ. ახალი შეკვეთის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 2 დღის ვადაში, ორმხრივი ჩართულობის საფუძველზე, ვნახულობთ და ვსწავლობთ თითოეულ ობიექტს, რის შემდეგაც უსაფრთხოდ თავსდება ჩვენი ტექნიკა და შემდეგ, ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში“,- აღნიშნავს “ლეგო თრეიდის” კომერციული დირექტორი.
“ლეგო თრეიდი”, მზარდი მოთხოვნის ფონზე, ავტოპარკის გაფართოებას აგრძელებს.
„ჩვენი გეგმა არის მუდმივი ზრდა, ორიენტირება ხარისხზე. დაახლოებით თვე-ნახევრის ჭრილში კიდევ გვემატება ერთი ახალი ტუმბო და მზად ვართ აქტიური სამუშაოებისთვის. ჩვენს სერვისზე მოთხოვნა მზარდია და კიდევ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს ამ მიმართულებით“,- აცხადებს ნანა გეგეჭკორი.
