Sparkasse ბანკმა დაბლოკა გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგარიში, რომელზეც ყოფილი პოლიტიკოსი რუსეთიდან თანხებს იღებდა. გადარიცხვები ვეღარ ხორციელდება. როგორც BILD-მა შეიტყო, შრიოდერმა ვერ მიიღო თითქმის ნახევარი მილიონი ევრო.
საუბარია იმ ფულზე, რომელსაც ყოფილი კანცლერი იღებს, როგორც კომპანია „Nord Stream 2“-ის წარმომადგენელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი. კომპანია მას ყოველ ექვს თვეში დაახლოებით 200 ათას ევროს ურიცხავს. როგორც წესი, თანხა ირიცხება ლუქსემბურგში მდებარე „გაზპრომბანკის“ ფილიალის მეშვეობით. მაგრამ 2024 წლის შუა პერიოდიდან შრიოდერს ერთი ევროც არ მიუღია – Sparkasse ასეთ ტრანსფერებს უკან აბრუნებს.
როგორც გამოცემა წერს, შრიოდერი თავისი მეგობრის, ვლადიმირ პუტინის ლობისტი გახდა 2005 წელს, კანცლერის თანამდებობიდან წასვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში. რუსული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებში მუშაობის წყალობით, შრიოდერმა მილიონები გამოიმუშავა. ეს ფაქტი დიდი ხანია პოლიტიკოსის კრიტიკის საგანია
Sparkasse-ის მმართველობამ თავისი გადაწყვეტილება იმ გარემოებით ახსნა, რომ ბანკი, თუ ამ თანხების გადარიცხვას გააგრძელებდა, შესაძლოა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცეს.
„ეს არგუმენტი უცნაურად ჟღერს, რადგან შრიოდერი ჯერ სანქციების არც ერთ სიაში არ შეუყვანიათ, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლიდან მოქმედებს. ამიტომ გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა ბანკმა ყოფილი კანცლერის ანგარიშის დაბლოკვა მხოლოდ 2024 წელს“, – წერს BILD, რომელსაც ამ კითხვის პასუხად Sparkasse-ში განუცხადეს:
„ჩვენ, როგორც წესი, საჯაროდ არ ვსაუბრობთ კლიენტებთან ურთიერთობებზე. ამიტომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს კითხვებს ვერ ვუპასუხებთ.“
შრიოდერი ირწმუნება, რომ შეერთებულმა შტატებმა მას რუსეთისა და უკრაინის შერიგების საშუალება არ მისცა
თუმცა, BILD-თვის ცნობილი გახდა, რომ ანგარიშის დაბლოკვამდე რამდენიმე კვირით ადრე, „მწვანეთა პარტიის“ მგზნებარე კრიტიკოსი, ჰანოვერის მერი ბელიტ ონაი, Sparkasse-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
ონაი ხშირად გამოდიოდა შრიოდერის კრიტიკით, 2022 წელს კი გამოვიდა ინიციატივით, ჩამოერთვად შრიოდერისთვის ჰანოვერის საპატიო მოქალაქის წოდება,
„იმის გათვალისწინებით, რომ გერჰარდ შრიოდერი არ არის მზად პასუხისმგებლობა იკისროს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა მისი საპატიო მოქალაქეობის შეწყვეტა.“
თუმცა შრიოდერმა დაასწრო მერს და თვითონ თქვა უარი საპატიო წოდებაზე.
Sparkasse-ში ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ასევე უარი თქვა ონაის პრესმდივანმა.
საბანკო წრეებში BILD-ს განუცხადეს, რომ შრიოდერი ჯერ არ უჩივის Sparkasse-ს. „ყოფილმა კანცლერმა ცოტა ხნის წინ ნათლად მიანიშნა, რომ ის კვლავ მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, რადგან ბუნებრივი აირი სარგებლის მომტანია გერმანიის ეკონომიკისა და მისი კონკურენტუნარიანობისთვის“, – წერს გერმანული გამოცემა.
გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე. გადადგომის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის გაზსადენ Nord Stream-ის მშენებლობაში. ის „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. გასული წლის გაზაფხულზე შრიოდერმა ეს პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტმა განიხილა რუსი ოლიგარქების სანქციების სიაში მისი შეყვანის შესაძლებლობა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
