გერმანიის უდიდეს აეროპორტებში დღეს 24-საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აეროპორტების ოპერატორებს, მიწისზედა მომსახურების თანამშრომლებს და საავიაციო უსაფრთხოების მუშაკებს პროტესტის გამოხატვისკენ გერმანიის პროფკავშირმა, Ver.di-მ მოუწოდა.
გერმანული აეროპორტების ასოციაციის, ADV-ის შეფასებით, Ver.di-ს მიერ გამოცხადებული გაფიცვის შედეგად 3 400-ზე მეტი ფრენა გაუქმდება და დაახლოებით 510 000 მგზავრი დაზარალდება. პროფკავშირი ითხოვს ხელფასის 8%-ით გაზრდას, ასევე პრემიების გაზრდას და დასაქმებულებისთვის დასვენების დამატებით დღეებს. Ver.di-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცვა აუცილებელია დაახლოებით 25 000 თანამშრომლის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
გაფიცვა შეეხება ბერლინ-ბრანდენბურგის, შტუტგარტის, კიოლნის/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, მიუნხენის, ჰამბურგის, მაინის ფრანკფურტის, ჰანოვერის, ბრემენის და ლაიფციგის/ჰალეს აეროპორტებს.
ვეზესა და კარლსრუეს/ბადენ-ბადენის აეროპორტებში გაფიცვისკენ მოუწოდეს მხოლოდ საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ მგზავრთა, პერსონალის, ტვირთისა და საქონლის სკრინინგის ზონებში, ასევე მომსახურების განყოფილებებში.
