გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ხუთშაბათი მნიშვნელოვანი თარიღია უკრაინაში ომის შესაძლო დასრულების თვალსაზრისით, – ინფორმაციას Tagesschau-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვადეფულმა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლისკენ მოუწოდა.
„რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, რუსეთი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, თუ ის სერიოზულად არის დაინტერესებული მშვიდობით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იოჰან ვადეფული რუსეთს შედეგებით ემუქრება, თუ ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას არ მიიღებს.
„ამ შემთხვევაში შედეგებიც იქნება. ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის მიერ ამ ომის გაგრძელებას“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.
