გერმანიის პოლიციამ მამაკაცის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა

გერმანიის პოლიციამ მამაკაცის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა
გერმანიის პოლიციამ გამთენიისას 45 წლის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა.-წერს Anadolu AGency-ი. გამოცემის ცნობით, ეს ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გერმანიაში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც მედია იუწყება, კაცმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ქვეყნის საგადასახადო სისტემას და სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მომუშავე ადამიანებს აკრიტიკებდა.
„არავინ, ვინც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, არ იხდის სუფთა გადასახადებს. ისინი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობენ – თითოეული სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი, სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს კმაყოფაზეა. არცერთი პარაზიტი გადასახადებს არ იხდის“, -დაწერა მან თავის პოსტში. გერმანული გაზეთი Die Welt წერს, რომ 13 ნოემბერს, დილის 6 საათზე აღნიშნულ მამაკაცთან სახლში ორი პოლიციელი მივიდა. მათ ჩხრეკის ორდერი და „სიძულვილის გაღვივების“ შესახებ ბრალდება წარუდგინეს. მისი თქმით, პოლიციელებმა მას ორი არჩევანი მისცეს: ან მათთვის ტელეფონი და პაროლი გადაეცა, ან მის ბინას გაჩხრეკდნენ.
ის დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში ოფიცრებმა ეჭვმიტანილს თითის ანაბეჭდები აუღეს და ფოტოები გადაუღეს. „მე მომიწია ზედა ტანის გაშიშვლება, რათა აპენდიქსის ოპერაციის შემდეგ ნაწიბურიც გადაეღოთ“, – განუცხადა მამაკაცმა გაზეთს. ოფიცრებმა ასევე მოითხოვეს სისხლის ნიმუში დნმ-ის ანალიზისთვის, რაზეც მან უარი თქვა. ნიმუში არ აუღიათ.
მედიის ცნობით, მამაკაცის ადვოკატმა, მარკუს პრეტცელმა, პოლიციის ქმედებებს „აბსურდული და უკანონო“ უწოდა. ამასთან დაამატა, რომ ის ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არც სასამართლომ და არც პროკურატურამ არ განმარტეს „სიძულვილის წაქეზების“ ბრალდების საფუძველი. მიმდინარე გამოძიების მოტივით კი, ხელისუფლებამ უარი თქვა სავარაუდოდ პროვოკაციული განცხადების ზუსტი ფორმულირების დადასტურებაზე. კაცი ამტკიცებს, რომ მას ბრალი მის პოსტში გამოყენებული სიტყვა „პარაზიტის“ გამო წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორები შესაძლოა ასე იმის გამო მოქმედებდნენ, რომ ნაცისტები „პარაზიტებს“ ებრაელების დასამცირებლად იყენებდნენ, თუმცა მამაკაცი უარყოფს ნეონაცისტებთან რაიმე კავშირს. „მე მძულს ძალადობა. მძულს ექსტრემიზმი. მძულს ნაციონალ-სოციალიზმი, სოციალიზმი და კომუნიზმი“, – განუცხადა მან Die Welt-ს.