გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა საჯარო განცხადებისთვის, რომელიც ეხებოდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში მრავალეროვნული ჯარების გაგზავნის გეგმას. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
პისტორიუსმა, რომელიც 1 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ტროსდორფში მდებარე სამხედრო ქარხანაში იმყოფებოდა, მედიას უთხრა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე მსგავსი ვარიანტების განხილვა „ფუნდამენტურად არასწორია“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ აქვს არც პასუხისმგებლობა და არც კომპეტენცია ჯარების განთავსების საკითხებში – არავისთვის და არაფრისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 31 აგვისტოს, გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რიმ ევროპა ამუშავებს რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების „საკმაოდ მკაფიო გეგმებს“, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების დადასტურების, ან მსგავსი მოსაზრებების კომენტირებისგან თავი შეიკავა. ბორის პისტორიუსის თქმით, ევროპის ქვეყნების მთავრობები განიხილავენ, რა შესაძლებლობები არსებობს, როგორი პირობებითა და დათქმებით, მაგრამ ამ ეტაპზე საჯარო განხილვები აბსოლუტურად არასწორად მიაჩნია.
ფორუმი
