გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კლინიკაში “ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიუღებელია “ბანდიტთა დაჯგუფებების” თავდასხმები.
“8 ელჩმა საავადმყოფოში მოინახულა და სოლიდარობა გამოუცხადა “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს.
მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების თავდასხმა, მედიის წარმომადგენლებისა თუ სხვათა დაზიანება. როგორც გვითხრეს, პოლიცია სულ რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. სად მიდიხარ საქართველო?” – დაწერა გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელ X-ზე.
7 დეკემბერს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ორივეს ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში შავნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ “99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.
მეთორმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა – მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი