გერმანიისა და ბრაზილიის ლიდერები ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარს უჭერენ

გერმანიისა და ბრაზილიის ლიდერები ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარს უჭერენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
„ჩვენ მტკიცედ ვართ მონდომებული, რომ შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. შოლცმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს, რომ ხუთშაბათს რიო-დე-ჟანეიროში ევროკავშირისა და მერკოსურის წარმომადგენლების ერთობლივი სამიტი გაიმართება.
„სანამ მჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია, ამისთვის ვიბრძოლებ, მე არ დავნებდები“, – განაცხადა ლულამ.
ევროკავშირისა და მერკოსურის სავაჭრო შეთანხმება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნის, რომელიც 700 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს.