გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსტემ უმეროვმა, ბერლინში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება 5 მილიარდ ევრომდე იქნება.
ასევე გაფორმდა კონტრაქტი უკრაინასა და გერმანიის შეიარაღების ინდუსტრიებს შორის.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შორი დისტანციის იარაღის სისტემებს, რომლითაც გერმანია უკრაინას მოამარაგებს, გერმანია 2025 წლის ბოლოსთვის აწარმოებს . იარაღის სისტემები სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის – მიწოდების პირველი ეტაპი სულ რამდენიმე კვირაში შედგება, რადგან მსგავსი იარაღი უკვე დანერგილია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, დამატებითი წვრთნა საჭირო არ არის.
გერმანია ასევე გააგრძელებს საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინისთვის. 2025 წლისთვის უკვე დაპირებული საარტილერიო საბრძოლო მასალის გარდა, მიაწვდის დამატებით პაკეტებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებულს. გარდა ამისა, გერმანია უკრაინას დამატებით სახმელეთო შეიარაღების სისტემებსა და მცირე ზომის იარაღს მიაწვდის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე კონტრაქტი გააფორმა გერმანულ თავდაცვით კონცერნ Diehl-თან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
2025 წლის 28 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის ბერლინში ვიზიტის დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გერმანიის უცვლელ პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და თავდასხმის მსხვერპლ ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა.
