გერმანია ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

გერმანია რუსი ოპოზიციონერის, ს სიკვდილის გამო სთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია შეხვდა. ამ შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააჟღერა ინიციატივა ნავალნის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების დასანქცირების შესახებ.
ბერბოკის თქმით, სანქციების ინიციატორი გერმანია იქნება და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფო მას სწრაფად დათანხმდება.
“ჩვენ ვნახეთ სასტიკი ძალა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეებს სდევნის, რომლებიც თავისუფლებისთვის გამოდიან” – თქვა ანალენა ბერბოკმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გერმანიის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ბორელის თქმით, ევროკავშირი ნავალნის სიკვდილში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და პასუხისმგებელი ამაში თავად ვლადიმირ პუტინია.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.
17 თებერვალს, ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ, ხოლო კარზე მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ უთხრეს, რომ იქ ნავალნის ცხედარი არ იყო.
იარმიშიმ ასევე თქვა, რომ 19 თებერვალს პოლიტიკოსის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს.
“დილით ადრე ალექსეის დედა და ადვოკატები მორგში მივიდნენ. შიგნით არ უშვებენ. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტობრივად ძალით გამოაგდეს. კითხვას, არის თუ არა იქ ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები პასუხს არ სცემენ”. – წერს იარმიში.
იარმიშმა ასევე დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის გამოძიება კიდევ უფრო “გახანგრძლივდა” და გაურკვეველია, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება.
“საგამოძიებო კომიტეტში დედასა და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სიკვდილის გამოძიება გახანგრძლივდა. კიდევ რამდენ ხანს გასტანს – უცნობია. სიკვდილის მიზეზი უწინდებურად “დაუდგენელია”. ისინი იტყუებიან, დროს წელავენ და ამის დამალვას არც კი ცდილობენ”. – წერს იარმიში.