გერმანიაში ავიაბილეთის ფასები იზრდება

გერმანიაში ავიაბილეთის ფასები გაზაფხულზე გაიზრდება. ამის მიზეზი საავიაციო გადასახადის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ SchengenVisaInfo.com იუწყება.
როდის გაიზრდება ბილეთების ფასი და როგორ შეიცვლება ავიაკომპანიის გადასახადი?
გერმანიიდან უცხოეთის მიმართულებებზე ბილეთების ფასი მიმდინარე წლის მაისიდან გაიზრდება. გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს საავიაციო გადასახადი ქვეყნის აეროპორტებიდან მგზავრებისთვის.
2500 კმ-მდე მანძილის მქონე ფრენებზე მგზავრებს მოუწევთ 15,53 ევროს (დღევანდელი 12,73 ევროს ნაცვლად) გადასახადის გადახდა, ხოლო 6000 კმ-ზე – 70,83 ევროს (58,06 ევროს ნაცვლად).
გადასახადების გაზრდა ქვეყნის ინიციატივის ნაწილია ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად. ადგილობრივი მედია წერს, რომ დეფიციტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ, კლიმატის ცვლილების ფონდში გამოუყენებელი COVID თანხების არასათანადო გადანაწილების გამო, ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა უკანონო იყო.
გერმანიის საავიაციო ინდუსტრია გადასახადების გაზრდას არ ეთანხმება, თუმცა გერმანიის კაბინეტმა ცვლილება უკვე დაამტკიცა. კანონს ბუნდესტაგი უახლოეს თვეებში დაამტკიცებს.
გერმანიიდან მგზავრებისთვის ბილეთების ღირებულება მალე გაიზრდება. გადასახადისგან გათავისუფლდებიან ისინი, ვინც ბილეთებს 2 წლამდე ბავშვებისთვის შეიძენს, რომლებსაც თვითმფრინავში ცალკე ადგილი არ აქვთ. გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე სამხედრო ან სამედიცინო მიზნებისთვის ფრენები.
გერმანიას ევროპაში ყველაზე ხალხმრავალი აეროპორტი აქვს. მილიონობით მგზავრი დაფრინავს და მიფრინავს აქედან ყოველწლიურად. 2023 წელს ბერლინის უდიდეს აეროპორტს 23,07 მილიონი მგზავრი ეწვია. ეს 16%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ზამთრის არდადეგებამდე, 2023 წლის ნოემბერში, დაახლოებით 1,75 მილიონი მგზავრი ეწვია ბერლინის აეროპორტს, ხოლო 2023 წლის დეკემბერში – დაახლოებით 1,77 მილიონი.