გედევან ფოფხაძე – უნდა ვიყოთ შეუპოვარი, რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად და შეჭამს საკუთარ თავს

„ქართულ ოცნებას“ უკვე გაყალბებული აქვს და სჭირდებათ ვიღაც, ვისაც დაჩაგრავენ, გალახავენ და მიაგდებენ კუთხეში. ეს არის ივანიშვილის სივრცე, ვინც ამ სივრცეში შევა, ის პროცესის ნაწილი ხდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით დისკომფორტი არ ექმნება.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ივანიშვილს დისკომფორტი მხოლოდ იმის თაობაზე ექმნება, რომ შვეიცარიაში ფულს არ უბრუნებენ.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში შესვლით „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი შეექმნება, ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება, ჩვენ ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არანაირი დისკომფორტი ამით არ ექმნებათ, მათ დაკარგული აქვთ მორალური ფაქტორი, რომელიც დისკომფორტს უნდა იწვევდეს და იმის იქით, ისინი ტექნიკურად ძალიან მარტივად დაალაგებენ. მათ არჩევნები უკვე გაყალბებული აქვთ და სჭირდებათ ვიღაც, ვისაც დაჩაგრავენ, გალახავენ და მიაგდებენ კუთხეში. ეს არის ივანიშვილის სივრცე, ვინც ამ სივრცეში შევა, ის პროცესის ნაწილი ხდება.
ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა იმ გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტის მუშაობაში. იქაც შეგვეძლო დისკომფორტი შეგვექმნა, შევსულიყავით და არ მიგვეცა მათთვის იმის საშუალება, რომ უკანონობები ეკეთებინათ. უარი ვთქვით დაფინანსებაზე, უარი ვთქვით მათთან თანამშრომლობის პოლიტიკაზე. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად შევყვებით რაიმე პროცესში, მით უფრო გაძლიერდებიან ესენი.
ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტი მარტო იმის გამო აქვს, რომ შვეიცარიაში მას ფულს არ უბრუნებენ დისკომფორტი იმის გამო, რომ ჩვენ არჩევნებში შევალთ, მას არ ექნება. ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ უკანონო პარლამენტს, ეს ბოიკოტის პროცესი ხომ დაწყებული გვაქვს, ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა და არ ვცნობთ ამ პარლამენტს, ჩვენ ვთქვით, რომ ყველაფერი, რაც მოდის აქედან, ეს არის შხამიანი ხის პროდუქტი და ამ პროდუქტს არ მივიღებთ, ეს არის ბოიკოტის პრინციპი.
როგორ შეიძლება, იმ პარლამენტმა, რომელიც კანონებს იღებს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, რომელმაც შექმნა ინკვიზიცია და საგამოძიებო კომისია დაარქვა, როგორ შეიძლება, რომ იმ პარლამენტმა, რომელიც ამ ყველაფერს ამკვიდრებს ქვეყანაში, მე ნორმალური, ჯანსაღი არჩევნები ჩამიტაროს?“ , – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გადაცემაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დებატებში მყოფმა სოფო ხორგუანმა, რომელიც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს, ფოფხაძეს ჰკითხა, თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რა გზით დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, რევოლუციას თუ მოახდენს, რაზეც ფოფხაძემ უპასუხა, რომ თუ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება, ეს ივანიშვილის შემოქმედება იქნება, რადგან, მისი თქმით, „რევოლუციას ახდენს რეჟიმი და არა ოპოზიცია“.
„რევოლუციას არ ახდენს ოპოზიცია, რევოლუციას ახდენს რეჟიმი. რევოლუცია მოაწყო ლუდოვიკომ საფრანგეთში და ნიკოლოზ მეორემ რუსეთში, მე არ ვახდენ რევოლუციას, მე ვიცავ პრინციპს, მე ვიცავ პოზიციას, რომელიც მგონია, რომ სწორია და თუ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება, ეს ივანიშვილის შემოქმედება იქნება და არა ჩემი.
მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეუპოვარი სწორედო ამ საკითხში – არაღიარება, არა ლეგიტიმაცია და რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად, ის შეჭამს თავის თავს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.