კომისია ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტი და შესაბამისად, ამ კომისიასთან თანამშრომლობა არალოგიკურად მიმაჩნია. თუ ვინმე თვლის, რომ დე-ფაქტო რეჟიმთან რაიმე ფორმით უნდა ითანამშრომლოს, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს უნდა ამ რეჟიმთან პოლიტიკური კეკლუცობა, შეუძლია მივიდნენ კომისიაში. მე მგონია, რომ ეს რეჟიმი უნდა დავამთავროთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ, პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტში შექმნილ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი შეაფასა.
გედევან ფოფხაძის თქმით, საგამოძიებო კომისიაში რომელიმე პირის ან პირების მისვლა კომისიისთვის ლეგიტიმაციის მიმცემი ვერ იქნება და კომისიაში მონაწილეობის მიღება იმ ადამიანებს პრობლემაა, რომლებიც პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად მივლენ.
„კომისია ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტი და შესაბამისად, ამ კომისიასთან თანამშრომლობა არალოგიკურად მიმაჩნია. თუ ვინმე თვლის, რომ დე-ფაქტო რეჟიმთან რაიმე ფორმით უნდა ითანამშრომლოს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ბოიკოტის ხარისხი შესაძლოა, ადამიანებს განსხვავებული ჰქონდეთ. პარლამენტი, როგორც მოწამლული ხე ისე უნდა მივიჩნიოთ და შესაბამისად, მისი ნაყოფიც ასეთივედ უნდა ჩავთვალოთ. ყველაფერი, რასაც პარლამენტი ქმნის, არალეგიტიმურია, ვინაიდან ეს ხელისუფლება ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და კოლაბორაციონისტულია. რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიბარონ და რამდენი ადამიანიც არ უნდა მივიდეს, ეს კომისია ლეგიტიმაციას ვერ შეიძენს. თუ ვინმე იქ მივა, ეს მათი პრობლემა იქნება და არა მთლიანი ოპოზიციის. კომისიის შექმნა მგონია, რომ ჭკვიანური მოქმედება არ იყო. იმ პირებს, რომლებიც ამ კომისიაში მონაწილეობენ, ეს ყველაფერი წინ ცუდად დაუხვდებათ. თუ მამუკა ხაზარაძეზე, ბადრი ჯაფარიძეზე და ოპოზიციაზე ანგარიშსწორება უნდათ, საგამოძიებო კომისიების შექმნა არ სჭირდებათ, ჰყავთ მარიონეტული მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა და მსგავს პირობებში შეუძლიათ ნებისმიერი საქმე შეთხზან და დაგვაბრალონ, იარაღი ან ნარკოტიკი ჩაგვიდონ. ქვეყნის კორეიზაცია ხდება და საქართველო ჩრდილოეთ კორეის სტანდარტებით იწყებს ცხოვრებას.
მიმაჩნია, რომ თუ კომისია დაგიბარებს – არ უნდა მიხვიდე, თუ გიჭერენ – უნდა ჩაჯდე. როგორ უნდა შექმნა კომისიის ლეგიტიმაცია მისვლა-არ მისვლით? თუ ვინმეს დაჭერა უნდათ, რას ირთულებენ საქმეს? ნიკა გვარამია იმისთვის იჯდა ციხეში, რომ კომპანიის მანქანით ისარგებლა მისმა მეუღლემ. ამის გამო თუ შეგიძლია დაიჭირო ადამიანი, რას იწვალებენ თავს. მიმაჩნია, რომ სამართლებრივ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და რომ ეს კოლაბორაციონისტული რეჟიმია. მალე ისინი ციხეში წავლენ, ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმს ემსახურებიან – ივანიშვილი უნდა იჯდეს ციხეში, როგორც კობახიძე და მდინარაძე. თუ ვინმეს უნდა ამ რეჟიმთან პოლიტიკური კეკლუცობა, შეუძლია მივიდნენ კომისიაში. მე მგონია, რომ ეს რეჟიმი უნდა დავამთავროთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ასევე, პოლიტიკოსი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების საკითხსაც გამოეხმაურა. გედევან ფოფხაძის შეფასებით, ახლა საჭიროა, რომ ოპოზიცია ბრძოლის კონკრეტულ დღეზე შეთანხმდეს, „როცა „ქართული ოცნება“ დასრულდება“.
„ჩვენ ევროპას ვკარგავთ, გვყავს მთავრობა, რომელიც დიდი ხანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინების რეჟიმზეა გადასული. თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ეს რაღაც სტანდარტებით უნდა მოხდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ევროპის დაკარგვის პერსპექტივა არ აშინებს. მათ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს, მათი მიზანია ისინი ლავროვს მოეწონოთ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ევროპის მხრიდან მეტი აქტიურობა ტრიგერია, ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ქართველი ხალხის მოქმედების დროა. საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ხელისუფლებასთან უფრო ხისტი პოზიციის დამყარება. ჩვენ გვჭირდება, რომ შევთანხმდეთ გადამწყვეტი ბრძოლის დღეზე, როცა ვამბობთ, რომ „ვიწყებთ და დღის ბოლომდე რეჟიმს ვასრულებთ“. ასეთ თემაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, თუ ეს ვერ ხერხდება, მერე ვართ დილემის წინაშე – ერთიანობა თუ სწორი მოქმედებების გეგმა. ჩვენი ვალდებულებაა, წნეხი და რეჟიმის რყევა განვაგრძოთ და ტრიგერი აუცილებლად გამოჩნდება“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
