„ოცნების“ მხრიდან სამართლებრივ ჩარჩოებზე საუბარი სისულელეა. ეს არის უკანონო, უზურპატორი პარლამენტი და მას არა თუ კომისიის შექმნის უფლება არ აქვს, არამედ იქ რომ არიან და ხელფასებს იღებენ, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, – ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“.
როგორც გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, „ოცნების“ ლიდერების სისხლის სამართლის დანაშაული ძალიან ზედაპირზეა და ივანიშვილი, კობახიძე და მდინარაძე მომავალში აუცილებლად ციხეში წავლენ.
„მამუკა მდინარაძე, რომელიც იყო პროკურატურის ხელის ბიჭი, კობახიძე, რომელიც ერთი დღე არ ყოფილა ოპოზიციაში, ანტონ ობოლაშვილი, წაქაძე ან ბევრი სხვა, ვინც არიან იქ ყოფილი „ნაციონალები“, მაშინ ფულს შოულობდნენ კორუფციული გზით და ახლაც იმავეს აკეთებენ. მათ ჰყავთ რამდენიმე ათეული დეპუტატი, რომელიც იქ ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებს და ჩვეულებრივი ფულის ტომარაა. ამ ფუნქციით იყვნენ წინა პარლამენტში და ეს ფუნქცია აქვთ ახლაც. ამ ადამიანებმა ვინ უნდა გაასამართლონ? – თუ რაიმე შოუ უნდა დაიდგას იმისათვის, რომ მერე რეპრესიები მოხდეს, ვიღაც ამის გამო დაჩაგრონ და პასუხი მოსთხოვონ? რად უნდათ ეს შოუ? ეს შოუ ზედმეტია. თუ სამშობლო უნდა გადაიქცეს ორუელის ნაწარმოების, “1984”-ის, პროტოტიპად, თუ ამ ქვეყანაში ისტორია უნდა გადაიწეროს და მართლმსაჯულებამ უბრალოდ მასხარაობა უნდა დაიწყოს, ყველასათვის ისედაც გასაგებია, რომ პუტინისტური რეჟიმია.
მათი მხრიდან სამართლებრივ ჩარჩოებზე საუბარი სისულელეა. ეს არის უკანონო, უზურპატორი პარლამენტი და მას არა თუ კომისიის შექმნის უფლება არ აქვს, არამედ იქ რომ არიან და ხელფასებს იღებენ, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ნებისმიერი თანხა, რომელიც მამუკა მდინარაძეს ბიუჯეტიდან ჩაერიცხება და ჩაიდებს ჯიბეში, შემდეგ წავა და იშოპინგებს იმ გაჭირვების ფონზე, რაც დღეს ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დიდი კომისია ამას არ დაჭირდება, მდინარაძე ციხეში დაამთავრებს, კობახიძე ციხეში დაამთავრებს, არაფერი კომისია მაგათ არ დასჭირდებათ. მათი სისხლის სამართლის დანაშაული ძალიან ზედაპირზეა. ივანიშვილის, კობახიძის, ჩინჩალაძის, მურუსიძის, მდინარაძის მომავალი არის სამართლიანი სასამართლოს განსჯადობის სფერო და ისინი აუცილებლად წავლენ ციხეში, ამაზე მე არანაირი კითხვის ნიშანი არ მაქვს. ეს ყველაფერი შოუა, რომელსაც ისინი დგამენ იმისათვის, რომ გადაიტანონ აქცენტები და გაახანგრძლივონ თავიანთი არსებობა. ისინი უბრალოდ პოლიტიკური ხელისუფლებიდან კი არ უნდა წავიდნენ, პოლიტიკური ხელისუფლება არც აქვთ, უზურპატორები არიან, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმ ადამიანების პარპაში, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხელისუფლებით.
13 წლის წინანდლის განხილვა ძალიან დიდი ცინიზმია ხალხთან მიმართებაში. გუშინ და გუშინ წინ კორუფციის მაგალითები გვქონდა, ვხედავთ, რომ კალაძე უკვე სიმბოლოა კორუფციის, ვხედავთ, რომ დეპუტატები ფულის ტომრებად იქცნენ. ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ სხვა არაფერია თუ არა ვერცხლისმოყვარეთა კლუბი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფულის გულისთვის ყიდიან სამშობლოს, ამიტომ ამათთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს, არამედ ციხე და მართლმსაჯულება. მათ უნდა დაამთავრონ, უსამართლობის, უკანონობის და ხელისუფლების მხრიდან ხალხის აბუჩად აგდების ეპოქა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კითხვაზე, სად ხედავთ ბიძინა ივანიშვილს, როცა ხელისუფლება შეიცვლება, გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ „ივანიშვილის ადგილი არის ციხეში“.
„რა თქმა უნდა, აუცილებლად ციხეში. როგორც ორგანიზატორი დანაშაულის. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, უნდა გააკეთონ ნამდვილმა მოსამართლეებმა. თუ ასეთი მართლმსაჯულება იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ციხეში არ უნდა იყოსო, მე უბრალოდ, ვიტყვი, რომ მიკვირს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს-მეთქი, მაგრამ მაინც მექნება ჩემი აზრი, რომ ივანიშვილის ადგილი არის ციხეში. ეს არის ჩემი აზრი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.