შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (გდდ) კიდევ ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა. საუბარია გდდ-ს ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძესა და დეპარტამენტის კიდევ ერთ მაღალჩინოსანზე, იოსებ მარგველაშვილზე.
დარახველიძე ირწმუნება, რომ ორივე მათგანმა სამინისტრო საკუთარი ინიციატივით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“ბატონი მირზა კეზევაძე არავის არ გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია. მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
ამის შემდეგ, იოსებ მარგველაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას დარახველიძემ მოკლე, ერთწინადადებიანი პასუხი გასცა და დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ ისურვა.
“იგივე. მანაც [იოსებ მარგველაშვილმა] საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები”.
თავად ზვიად ხარაზიშვილის სამინისტროდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ, 2025 წლის ივნისში გავრცელდა. გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ის რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.
ამავე თემაზე:
· სად მიდიან აშშ-ისა და UK-ის მიერ სანქცირებული ფიგურები
