გახარია საქართველოსთვის: ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, ყველა მოძალადე დაისჯება

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 2 აქტივისტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას განცხადებით ეხმაურება.
განცხადების თანახმად, რეჟიმის ცვლილების შემდეგ ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას.
“მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.
ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა – მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.
ეს არის ოცნების დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.