„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიგა ფარულავა სუს-ის უფროსს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ფარულავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს.
კერძოდ, პარტია სუს-ის უფროსისგან მოითხოვს ინფორმაციას, რომელიც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 22 დეკემბერს გამართულ შეხვედრას შეეხება.
„ბატონო მამუკა, მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გაიმართა 2025 წლის ბოლო შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა მედიასთან საჯარო კომუნიკაციისას განაცხადა შემდეგი: „ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნის საკითხი კვლავ ერთ-ერთ საკვანძო თემად რჩება სამხრეთ ოსეთისთვის. მსგავსი საკითხების მოგვარება ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები. ჩვენთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და მისი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაყვანისა“. ერთ-ერთ დადებით მომენტად მან დაასახელა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
· გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საგუშაგოს მოხსნასთან დაკავშირებით.
· გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის დადებით არგუმენტად გამოყენებაზე.
· გთხოვთ მომაწოდოთ ახსნა-განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რატომ არ ხდება საქართველოს მოქალაქეების, თუნდაც, ზოგადი ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია მიმართვაში.